ICG: ევროკავშირის ინტერესებში რჩება საქართველოსთან სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება – ევროკავშირმა უნდა სცადოს თბილისთან დაძაბულობის შემცირება და პრაგმატული თანამშრომლობა, გაწევრიანების პროცესისგან დამოუკიდებლად

ICG: ევროკავშირის ინტერესებში რჩება საქართველოსთან სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნებაევროკავშირმა უნდა სცადოს თბილისთან დაძაბულობის შემცირება და პრაგმატული თანამშრომლობა, გაწევრიანების პროცესისგან დამოუკიდებლად

დამოუკიდებელი, არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაცია, International Crisis Group (ICG) აქვეყნებს სტატიას, სადაც მიმოხილულია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვითარება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ.

სტატიის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საქართველომ მკვეთრად შეცვალა თავისი საგარეო პოლიტიკა. 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისა და წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, ქვეყნის ურთიერთობები ბლოკთან გაწყდა, ისევე როგორც მისი კავშირები აშშ-სთან; მან ახალი პარტნიორები მოიძია აზიასა და ახლო აღმოსავლეთში და არაფორმალური შეთანხმება დადო რუსეთთან, რათა მინიმუმამდე დაეყვანა უკრაინის ომის ნებისმიერი უარყოფითი შედეგი.

„საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცვლილებებს პირდაპირი გავლენა აქვს ქვეყნის ურთიერთობაზე ევროკავშირთან და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა სწრაფად სუსტდება, ევროკავშირის ინტერესებში მაინც რჩება სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება ევროპასთან მოსაზღვრე ქვეყანასთან, განსაკუთრებით იმ დროს, როცა სამხრეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი გეოპოლიტიკური გადალაგება მიმდინარეობს. ევროკავშირმა უნდა სცადოს თბილისთან დაძაბულობის შემცირება და პრაგმატული თანამშრომლობა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისგან დამოუკიდებლად.

ICG: აშშ-მა და ევროპამ სცადეს საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიევისთვი იარაღის მიწოდებით ან რუსეთისთვის სანქციების დაწესებით – ამ მოწოდებებს პოტენციურად დამანგრეველი ფასი ჰქონდა თავად ქართველებისთვის

ICG: საქართველოს მცდელობებმა უკრაინის ომში ჩაურევლად დარჩენასთან დაკავშირებით, მწვავე კრიტიკა გამოიწვია ევროპარლამენტის რიგ რეზოლუციებსა და აშშ-ისა და ევროკავშირის ზოგიერთი კანონმდებლის განცხადებაში

რუსეთის თავდაპირველმა შეტევამ უკრაინაზე შოკში ჩააგდო ქვეყანა, რომელმაც თავადაც გადაიტანა რუსეთის შეჭრა 2008 წელს, და ხელისუფლებაში გაჩნდა შიში, რომ საქართველო შესაძლოა შემდეგი სამიზნე ყოფილიყო,  –  ამის შესახებ  International Crisis Group (ICG)-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ვკითხულობთ.

როგორც  ICG აღნიშნავს, აშშ-მა და ევროპამ დაუყოვნებლივ სცადეს საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. აშშ-მა კერძო არხებით მიმართა საქართველოს, რომ უკრაინისთვის რაიმე ფორმით დახმარება გაეწია – მაგალითად, საკუთარი არსენალიდან იარაღის მიწოდებით კიევისთვის (რომელსაც შემდეგ ვაშინგტონი ჩაანაცვლებდა) ან რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესებით. ბრიუსელმაც არაერთხელ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, საკუთარი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოეყვანა.

„თუმცა, საქართველომ უკრაინის დახმარების ეს მოწოდებები, ქვეყნის პროდასავლური ორიენტაციის ექსპლუატაციის მცდელობად აღიქვა, რასაც პოტენციურად დამანგრეველი ფასი ჰქონდა თავად ქართველებისთვის. შესაძლოა, აშშ-ს არ ეგონა, რომ მისი მოთხოვნები პროვოკაციული იყო, რადგან ისინი მსგავს მოწოდებებს უგზავნიდნენ პარტნიორებს მთელ მსოფლიოში, მაგრამ ორივე მხარის ოფიციალური პირები ახლა ამბობენ, რომ ვაშინგტონმა არ გაითვალისწინა საქართველოს უნიკალური მგრძნობელობა,“ – ნათქვამია სტატიაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა ამ მოთხოვნებზე და სანაცვლოდ შეეცადა რუსეთის გაღიზიანების თავიდან აცილებას, პარალელურად კი, მეზობელ ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას შეუწყო ხელი – აღადგინა პირდაპირი ავიარეისები რუსეთის ქალაქებთან და გაზარდა ნავთობისა და გაზის შესყიდვები.

ICG-ის მიმოხილვის თანახმად, საქართველოს მცდელობებმა უკრაინის ომში ჩაურევლად დარჩენასთან დაკავშირებით, მწვავე კრიტიკა გამოიწვია ევროპარლამენტის რიგ რეზოლუციებსა და აშშ-ისა და ევროკავშირის ზოგიერთი კანონმდებლის განცხადებაში.

ევროკავშირის ოფიციალური პირები ამტკიცებდნენ, რომ ეს კომენტარები არ გამოხატავდა ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას, თუმცა, საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარემ ისინი ევროკავშირის დამოკიდებულების გამოხატულებად აღიქვა, რამაც არაერთი კრიზისი გამოიწვია. ოპოზიციისა და კრიტიკული არასამთავრობოებისა და მედიისთვის ევროპელების უკმაყოფილება ხელისუფლების წინააღმდეგ გარე ჩარევის იმედს აძლიერებდა. „ქართული ოცნებისთვის“ კი ეს გახდა საფუძველი შიშების გასაღვივებლად, თითქოს არსებობდა ორგანიზებული მცდელობა საქართველოს ომში ჩათრევის მიზნით.

ICG: „ქართული ოცნების“ ლიდერები დიდი ხანია უკმაყოფილებას გამოხატავენ დასავლეთის დედაქალაქებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისადმი მხარდაჭერის გამო, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეები არიან

ICG: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ევროპელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ისეთი განცხადებები გააკეთეს, რომლებითაც ამომრჩევლებს ურჩევდნენ, ქართული ოცნებააღარ აერჩიათ, რითაც დაარღვიეს პოლიტიკური ფავორიტების არდასახელების პრაქტიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები, განსაკუთრებით მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, დიდი ხანია უკმაყოფილებას გამოხატავენ დასავლეთის დედაქალაქებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისადმი მხარდაჭერის გამო, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეები არიან. ისინი ფიქრობენ, რომ სწორედ ამ ძალებმა უბიძგეს აშშ-სა და ევროკავშირს „ქართული ოცნების“ მიმართ უფრო აგრესიული პოლიტიკისკენ, პარტიის „პრორუსულად“ წარმოჩენით,  –  ნათქვამია დამოუკიდებელი ორგანიზაციის, International Crisis Group (ICG)-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.

„2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა. არჩევნების წინ ევროპელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ისეთი განცხადებები გააკეთეს, რომლებიც ფაქტობრივად ქართველ ამომრჩევლებს ურჩევდა, „ქართული ოცნება“ აღარ აერჩიათ, რითაც დაარღვიეს საქართველოში პოლიტიკური ფავორიტების არდასახელების ხანგრძლივი პრაქტიკა. ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ასევე დაიწყეს საუბარი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე.

საბოლოოდ, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები თექვსმეტქულიანი უპირატესობით მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლები აცხადებდნენ, ამ არჩევნებში უფრო მეტი დარღვევა დაფიქსირდა, ვიდრე წინა არჩევნებზე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ვერ ამტკიცებდნენ, თითქოს უფრო გამჭვირვალე არჩევნები განსხვავებულ შედეგს მოიტანდა,“ – აღნიშნულია მიმოხილვაში.

ამასთან, ხაზგასმულია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციამ და კრიტიკულად განწყობილმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებს მოუწოდეს, „ქართული ოცნება“ ლეგიტიმურ ხელისუფლებად არ ეცნოთ, საარჩევნო წესების დარღვევებზე მითითებით.

„რიტორიკის მიუხედავად, პრაქტიკულ დონეზე საქართველოს საგარეო პოლიტიკა ძირითადად უცვლელი რჩება. შიდა პოლიტიკური დაპირისპირების მასშტაბის მიუხედავად, საქართველოს დღემდე არ აქვს ოფიციალური კონტაქტი რუსეთთან; ხელისუფლება აცხადებს, რომ მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენას ვერ შეძლებს, სანამ რუსეთი არ დაასრულებს, მათი სიტყვებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „ოკუპაციას“.

საქართველოს ოფიციალური პირების სამუშაო დონეზე თანამშრომლობა ევროკავშირის, ნატოსა და აშშ-ის წარმომადგენლებთან, არსებული ცნობებით, კვლავ კარგ მდგომარეობაშია, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი დონის კონტაქტები შეჩერებულია. ასევე შეუფერხებლად გრძელდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვრებთან,” – წერს ICG.

ICG: საქართველოს ლიდერებისადმი ცივი დამოკიდებულება მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის თბილ ურთიერთობებს იმ მეზობელ მთავრობებთან, რომლებსაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხრივ გაცილებით უარესი რეპუტაცია აქვთ

ICG: ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ევროპელებშიც კი იზრდება აღიარება, რომ საქართველოს იზოლაციამ და მასზე ზეწოლამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა და ჩიხიდან გამოსასვლელად ახალი იდეებია საჭირო

დამოუკიდებელი ორგანიზაციის, International Crisis Group (ICG)-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც მიმოხილულია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირის ლიდერების წინაშე არსებულ დილემაზეა საუბარი. კერძოდ, სტატიაში აღნიშნულია, რომ ლიდერების წინაშე ორი არჩევანია: გააგრძელონ თუ არა სადამსჯელო ზომები, რათა საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა კვლავ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დააბრუნონ, თუ წევრობის საკითხი დროებით უკანა პლანზე გადაიტანონ და რეგიონულ თანამშრომლობაზე და უფრო ფართო გეოპოლიტიკურ ინტერესებზე გაამახვილონ ყურადღება.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ საკითხზე გაყოფილნი არიან. დომინანტური ბანაკი, რომელიც ძირითადად ჩრდილოეთის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს მოიცავს, მკაცრ მიდგომას უჭერს მხარს. ისინი იმედოვნებენ, რომ გაზრდილი ზეწოლა აიძულებს „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირისადმი უფრო მეგობრულ კურსს დაუბრუნდეს ან ხელისუფლებაში უფრო დამთმობი მთავრობა მოვიდეს.

მეორე ბანაკი, რომელიც ძირითადად სამხრეთის წევრი სახელმწიფოებისგან შედგება, უფრო პრაგმატულ მიდგომას ირჩევს. ამ ქვეყნებს საქართველოსთან უფრო მჭიდრო ორმხრივი კავშირები აქვთ: ისინი ხშირად ყიდულობენ აზერბაიჯანულ გაზს, რომელიც საქართველოს გავლით მიეწოდებათ; მასპინძლობენ ქართველ მიგრანტ მუშახელს და პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, თბილისთან კონსტრუქციული ურთიერთობების შენარჩუნება სურთ. მათი აზრით, ევროკავშირის ამჟამინდელი მკაცრი პოლიტიკა რეგიონში ევროპულ ინტერესებს აზიანებს,“ – აღნიშნულია სტატიაში.

ამავე დროს, ხაზგასმულია ისიც, რომ საქართველოს ლიდერებისადმი ცივი დამოკიდებულება მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის თბილ ურთიერთობებს მეზობელ მთავრობებთან, რომლებსაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხრივ გაცილებით უარესი რეპუტაცია აქვთ, მაგალითად აზერბაიჯანსა და თურქეთთან. თურქეთი კვლავ კანდიდატი ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გაწევრიანების პროცესი გაყინულია.

ევროკავშირის ოფიციალური პირები ამ განსხვავებულ მიდგომას ორი არგუმენტით ხსნიან. პირველი ის არის, რომ თავად „ქართულმა ოცნებამ“ მოითხოვა უფრო მაღალი სტანდარტებით შეფასება, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილისა და ამ მიზნის რეალისტურად წარმოჩენის გამო. მეორე კი რეალპოლიტიკაზე დაფუძნებული აღქმაა, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანი და თურქეთი ბრიუსელისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია: აზერბაიჯანი – ევროპის არარუსული ენერგომომარაგებისთვის, ხოლო თურქეთი – მიგრაციის, უკრაინის, სირიისა და სხვა კრიტიკული საკითხების მიმართულებით თანამშრომლობისთვის.

თუმცა, როგორც ორგანიზაციის მიმოხლივაში ვკითხულობთ, ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ევროპელებშიც კი იზრდება აღიარება, რომ იზოლაციამ და ზეწოლამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა და ჩიხიდან გამოსასვლელად ახალი იდეებია საჭირო. მაგალითად, საფრანგეთმა, რომელიც ადრე საქართველოს მიმართ პოზიციის შერბილების სურვილს თითქმის არ გამოხატავდა, ახლა თბილისთან თანამშრომლობისადმი ახალი ინტერესი გამოავლინა.

ICG-ის მოსაზრებით, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა, საქართველოსთან მიმართებით შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგან:  აგრესიული რიტორიკის შემცირება, ევროკავშირის გაფართოებისა და რეგიონულ პრიორიტეტებზე თანამშრომლობის განცალკევება, საქართველოს კვლავ ჩართვა სატრანზიტო საკითხების განხილვაში.

ICG:  ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა განმარტონ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები და ცალკეული დეპუტატების საჯარო განცხადებები არ გამოხატავს ევროკავშირის ოფიციალურ პოლიტიკას საქართველოს მიმართ

ICG: ევროკავშირმა უნდა აღიაროს, რომ საქართველოში ომის შიში რეალურია და არა ყალბი ან გაზვიადებული  – ეს შიში თანაარსებობს მოსახლეობის ევროკავშირის წევრობის მიმართ ძლიერ მხარდაჭერასთან

ევროკავშირის მხრიდან რიტორიკის შეცვლა  -„ქართული ოცნების“ კრიტიკიდან კონკრეტული რეფორმების წახალისებაზე გადასვლა, დიალოგისთვის უკეთეს გარემოს შექმნიდა,  –  ნათქვამია დამოუკიდებელი ორგანიზაციის, International Crisis Group (ICG)-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

ასევე აღნიშნულია, რომ ბრიუსელმა ეს ცვლილება უნდა განახორციელოს, როგორც საპასუხო ჟესტი თბილისის მხრიდან მტრული რიტორიკის შემცირების სანაცვლოდ.

„რადგან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კრიზისი ხშირად ევროპარლამენტარების მკვეთრი განცხადებებით იყო გამოწვეული, ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა განმარტონ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები და ცალკეული დეპუტატების საჯარო განცხადებები, მიუხედავად მათი მაღალი ხილვადობისა, ძირითადად დეკლარაციული ხასიათისაა და არ გამოხატავს ევროკავშირის ოფიციალურ პოლიტიკას საქართველოს მიმართ. უფრო ფართოდ, ევროკავშირმა უნდა აღიაროს, რომ საქართველოში ომის შიში რეალურია და არა გამოგონილი ან გაზვიადებული, და რომ ის თბილისის სტრატეგიული გათვლების ფუნდამენტური ნაწილია. ეს შიში თანაარსებობს მოსახლეობის დიდი ნაწილის ძლიერ მხარდაჭერასთან ევროკავშირის წევრობის მიმართ,“ – ნათქვამია სტატიაში.

ორგანიზაციის მოსაზრებით, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, ასევე უნდა მოახერხონ და განაცალკევონ ერთმანეთისგან ევროკავშირის გაფართოება და რეგიონული პრიორიტეტების გათვალისწინებით თანამშრომლობა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის ოფიციალური პირებისთვის იმედგამაცრუებელია, კანდიდატის სტატუსი არ უნდა გახდეს თანამშრომლობის ყველა სხვა სფეროს ბლოკირების მიზეზი. ევროკავშირის წარმომადგენლებს შეუძლიათ მკაფიოდ გამიჯნონ ის საკითხები, რომლებიც გაწევრიანების პროცესს უკავშირდება  და ის სფეროები, რომლებიც ამ პროცესს არ ეხება, მაგალითად სატრანზიტო მარშრუტებზე თანამშრომლობა. ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობა უნდა გაგრძელდეს ისე, როგორც აქამდე გრძელდებოდა, დიპლომატიური დაძაბულობის მიუხედავად,“ – ვკითხულობთ სტატიაში.

ICG ასევე მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა კვლავ უნდა ჩართოს ქართული მხარე სატრანზიტო საკითხების განხილვაში,  ვინაიდან, საქართველოს ამ დისკუსიებიდან გამორიცხვა ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით, მათ შორის, შავი ზღვის ახალი სტრატეგიის ფარგლებში. ეს ასევე ნიშნავს შანსის დაკარგვას, რომელიც კავკასიაში უფრო ფართო თანამშრომლობის გაძლიერებას უკავშირდება.

https://www.crisisgroup.org/cmt/europe-central-asia/georgia/managing-georgias-turn-against-eu

უახლესი

მსგავსი სტატიები