29 იანვარს, სეიმში (ლატვიის პარლამენტი) გამართულ ყოველწლიურ დებატებზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით მკვეთრი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ლატვია „ახალ მიგრანტებს არ მიიღებს“.
„ვფიქრობ, მთავრობის პოზიცია აბსოლუტურად ნათელია: არა – უკანონო მიგრაციას. მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ საზღვრის დაცვა გავაძლიერეთ“, – აღნიშნა ბრაჟემ.
„[სასაზღვრო] ღობის მშენებლობა დასრულებულია. მადლობას ვუხდი მესაზღვრეებს, ეროვნულ გვარდიასა და სხვა სამსახურებს 24/7-ის განმავლობაში თავდაუზოგავი მუშაობისთვის, რამაც 12 000-ზე მეტი ინსტრუმენტალიზებული მიგრანტის ლატვიაში შემოსვლას ხელი შეუშალა. მზად ვართ, სოლიდარობის მექანიზმის ფარგლებში, ჩვენი ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ ევროპის სხვა ქვეყნებს. თუმცა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა უკვე ხაზგასმით თქვა, ლატვია ახალ მიგრანტებს არ მიიღებს და ამის სანაცვლოდ, თანხას არ გადაიხდის. ამ კუთხით, ჩვენ სხვა ქვეყნებს მხარდაჭერასა და დახმარებას გავუწევთ“, – დასძინა მან.
ამასთან, მინისტრმა ემიგრაციაში მყოფ მრავალ ლატვიელს მოუწოდა, სამშობლოში დაბრუნებაზე იფიქრონ.
„დემოკრატიის მიერ მინიჭებულ მობილობის ფართო შესაძლებლობებს ლატვიელი ხალხი სამუშაოდ, სასწავლებლად და სამოგზაუროდ იყენებს. ლატვიის მოქალაქეების მეხუთედზე მეტი, დროებით ან მუდმივად, ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრობს… გვინდა, რომ ეს ხალხი დაგვიბრუნდეს. ამიტომ, აქტიურად ვმუშაობთ საელჩოებთან, ასევე აქ, ადგილზე, ლატვიაში, რათა ჩვენს თანამემამულეებს სამშობლოსთან კონტაქტების შენარჩუნებაში, შინ დაბრუნებასა და საკუთარი ნიჭისა და ცოდნის ქვეყნისთვის მაქსიმალურად მოხმარებაში დავეხმაროთ“.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მან ასევე აღნიშნა, რომ 2028 წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის მზადება ლატვიას უკვე დაწყებული აქვს და ამ მოვლენის აღნიშვნის ერთ-ერთი გზა ინგლისურ ენაზე რაც შეიძლება მეტი ლატვიური წიგნის თარგმნა იქნება.
„ლატვიელი მწერლების წიგნების ახალი თარგმანები ინგლისურ ენაზე შესანიშნავი რამ იქნებოდა. მსგავსი პროექტი ადრე უკვე განხორციელდა „Latvia 100“-ის ფარგლებში [2018 წლის ეროვნული ასწლეულის პროგრამა], რომლის დროსაც ბევრი ლატვიელი მწერლის ნაწარმოები ითარგმნა. ჩვენი აზრით, ასეთი პროგრამა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს“, – დასძინა ბრაჟემ.




