აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანზე ახალი ძლიერი დარტყმების განხორციელების შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას CNN-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ტრამპმა აღნიშნული ნაბიჯი, შესაძლოა, იმიტომ გადადგას, რომ ირანთან წინასწარ წარმოებულმა მოლაპარაკებებმა ბირთვული პროგრამისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოების შეჩერების შესახებ პროგრესი არ მოიტანეს.
ტრამპის უკანასკნელმა მუქარამ ირანის ხელისუფლების შეშფოთება გამოიწვია. ოფიციალური თეირანი პირობას დებს, რომ აშშ-ის ნებისმიერ სამხედრო მოქმედებებს მყისიერ პასუხს გასცემს. ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ერთ-ერთმა მთავარმა მრჩეველმა განაცხადა, რომ თეირანი ისრაელს დაარტყამს.
როგორც წყარო ტელეარხს უყვება, თეთრი სახლის ლიდერი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, მათ შორის ირანის ლიდერებსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებზე ავიადარტყმებს. ამასთან ერთად, აშშ-მა, შესაძლოა, ირანის ბირთვული ობიექტები და სამთავრობო დაწესებულებები დაბომბოს.
CNN-ის ინფორმაციით, ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა ფიქრობს, რომ მისი სამხედრო შესაძლებლობები გაფართოვდა, რადგან რეგიონში ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი განლაგდა.




