გიორგი გაბუნია: ხოშტარია ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, მას სასჯელი ისე განესაზღვრა, როგორც მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა. ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს

„ელენე ხოშტარიას საქმეს სამართლებრივი განზომილება აქვს. მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას რამდენიმე საკითხს ითვალისწინებს. ერთ-ერთი მთავარი შეფასება თავად ბრალდებულის დამოკიდებულებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების მიმართ. ხოშტარია ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, არ აანაზღაურა ზიანი, არ მოინანია ჩადენილი დანაშაული. როცა მოსამართლეს მსგავსი მოცემულობა აქვს, ის ხელმძღვანელობს, როგორც ბრალდებულის პიროვნებით, ასევე მისი დამოკიდებულებით დანაშაულის თაობაზე. ხოშტარიამ სასჯელი ისე განესაზღვრა, როგორც მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა.
ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს. ნებისმიერი მცდელობა, რომ სისხლის სამართლის ეს დანაშაული პოლიტიკურ ნაწილში იყოს გადაყვანილი, წმინდა წყლის სპეკულაციაა. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი შვილის დედაა? თუ ოთხი შვილის დედაა, თავად უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ კანონი არ დაარღვიოს და დანაშაული არ ჩაიდინოს. მან დანაშაული განზრახ და მიზანმიმართულად ჩაიდინა. შეეძლო, ეს დანაშაული არ ჩაედინა და საკუთარ ოჯახსა და შვილებზე ეზრუნა. ვის სთხოვს პასუხს? სამართლებრივი სახელმწიფო ვართ და კანონის დარღვევაზე სახელმწიფოს რეაგირება ექნება. კანონი და სახელმწიფო არ უნდა გამოცადო“, – განაცხადა გაბუნიამ.

უახლესი

მსგავსი სტატიები