ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის თაობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
მაჭავარიანი ორ ქვეყანას შორის არსებულ პრობლემას აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მძიმე მემკვიდრეობით ხსნის. ამასთან ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს, აშშ-თან ერთად შეიმუშაოს კონკრეტული გეგმა ურთიერთობების გადატვირთვისთვის, რომელშიც ორივე მხარის ინტერესები იქნება გათვალისწინებული.
„კარგად ხედავთ, რა მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა აშშ-ის ყოფილმა ადმინისტრაციამ და როდესაც საუბარია, რომ „ქართული ოცნება“, უტრირებულად რომ ვთქვათ, ლანძღავდა ამერიკასო, მაგიტომ არის რომ ურთიერთობები ამ მდგომარეობაშიაო. ჯერ ერთი, ჩვენ ყოველთვის ვმიჯნავთ ამერიკას და ადმინისტრაციას, ევროპას და ევრობიუროკრატებს. მეორე, ჩვენ ვისაც პრეტენზიებს ვუყენებდით, თან თავდასხმის რეჟიმში ჩვენ არ ვყოფილვართ, თავდაცვის რეჟიმში, სწორედ ისინი არიან დონალდ ტრამპის და დღევანდელი ადმინისტრაციის მტრები. შესაბამისად, თანხვედრა გვაქვს ღირებულებით ნაწილში, საერთო მტრებში, ევრობიუროკრატების შეფასებაში, უკრაინის ომის შეფასებაში, USAID-ის და NED-ის შეფასებაში, აბსოლუტურად სრული თანხვედრაა. ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი გადადგმულია, დაწყებული იმით, რომ ღიად ვგულშემატკივრობდით დონალდ ტრამპს საარჩევნო პერიოდში, დამთავრებული ამ ერთი-ერთში მსგავსი შეხედულებებით და გზავნილებით და შესაბამისად, წინ არაფერი უნდა დაუდგეს ურთიერთობების გადატვირთვას. ხედავთ პოზიტიურ ნიშნებს. ჩვენ არაფერს ვაკლებთ და პრეტენზიას ვერ მივიღებთ ვერავისგან რომ რამე გვაქვს ამისთვის დაკლებული. მამუკა მდინარაძის ვიზიტი ვიხილეთ, როდესაც თავისმა კოლეგამ დაპატიჟა. ნიკოლოზ სამხარაძის ძალიან წარმატებული ვიზიტი ვიხილეთ, რა დონის შეხვედრები ჰქონდა კარგად ნახეთ და ბატონი რუბიოს ზარიც ვიხილეთ პრემიერ-მინისტრთან. აშშ-მა იცის, რომ ნებისმიერ დროს ჩვენ დავსხდებით და დროსა და სივრცეში გავწერთ კონკრეტულ გზამკვლევს, სადაც ასახული აიქნება აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი, რა უნდა გადავდგათ ჩვენ, რა უნდა გაგადგას ამერიკის მხარემ, ოღონდ ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს იქ გათვალისწინებული“-განაცხადა მაჭავარიანმა.




