პრემიერის დავალებით უკვე თითქმის, მეორე წელია, ვმუშაობთ ყველაზე მნიშვნელოვან ეკოლოგიურ პროექტზე, რომელიც რუსთავის ჭალის ტყის აღდგენას და განვითარებას ეხება, – განაცხადა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
მისი თქმით, გეგმით გათვალისწინებულია ნიადაგის კვლევა, ახალი სარწყავი სისტემების დამონტაჟებაც.
„ასევე, საინფორმაციო ჯიხური, ოფისი რეინჯერებისთვის. სამოქალაქო კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ჩართულობისთვის იქნება საინფორმაციო სივრცე, სადაც ტრენინგებსაც ჩავატარებთ.
იქნება ბუნებრივად აღდგენილი ტერიტორია. რუსთაველებს ექნებათ საშუალება, ოჯახებით დაისვენონ, განიტვირთონ. ვცდილობთ, ზედმეტი ჩარევის გარეშე ისეთი სივრცეები მოვაწყოთ, რომ რუსთაველებს ჰქონდეთ ამის შესაძლებლობა. და რა თქმა უნდა, ეკოლოგიის კუთხით ძალიან დიდი გავლენის მატარებელი იქნება ეს პროექტი“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერი ასევე აღნიშნავს, რომ ტერიტორიაზე პროექტით გათვალისწინებული ენდემური ჯიშების პირველი დარგვა ახალგაზრდებთან ერთად უკვე შედგა.
„ძალიან საინტერესო პროცესი იყო ახალგაზრდებთან ერთად – ამ უნიკალურ სივრცეზე, რომელიც პირველ ეტაპზე მოვნიშნეთ, სატესტო-საინფორმაციო რეჟიმში მოხდა მცენარეების დარგვა. ვაგრძელებთ საინფორმაციო კამპანიას, რომ გაზაფხულზე კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა.




