ნოსტალგიური ატმოსფერო, ზღაპრული პერსონაჟები და გულწრფელი ემოციები – “ამომავალი მთვარის სამეფო” უეს ანდერსონის საკულტო ისტორიაა, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის სხვენში პირველად გაცოცხლდება.
ბავშვური თავგადასავალი, მეგობრობა და პირველი სიყვარული — მარადიული თემები, პროფესიონალი მსახიობები და ბავშვები მთავარ როლში.
ვიდრე შემოქმედებითი გუნდი მაყურებლის წინაშე წარდგება, მანამდე სცენაზე ბოლო დეტალები ზუსტდება.
ამბავი ორ მოზარდზე, რომლებიც თავისუფლებისა და თავგადასავლების ძიებაში არიან, ერთმანეთი შეუყვარდებათ და გაიპარებიან — ყველა ბავშვს ჰქონია გატაცება, პატარა თავგადასავალი, რომელიც მთელი ცხოვრება ახსოვს. სპექტაკლის მთავარი გმირები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები არიან. ისინი გვიამბობენ ისტორიას, რომელიც მეგობრობასა და სიყვარულზეა დაფუძნებული.
კინომაგია თეატრალურ რეალობად ანა სანაიამ გარდაქმნა. რეჟისორმა დადგმისთვის მარჯანიშვილისა და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები გააერთიანა და უეს ანდერსონის სცენარის ადაპტირებული ვერსია შექმნა. რამდენიმე გამოგონილი პერსონაჟით კი ცნობილ ისტორიას განსხვავებული ელფერი შესძინა.
მარჯანიშვილის სხვენში პრემიერა 8 დეკემბერსაა ჩანიშნული. ამის შემდეგ, შემოქმედებითი გუნდი სპექტაკლით ათენში გაემგზავრება.




