ის პირველი ქალია, რომელიც ანგლიკანურ ეკლესიას ჩაუდგა სათავეში. ოთხშაბათს, 28 იანვარს, 63 წლის სარა მალალიმ წმინდა პავლეს ტაძარი კენტერბერიის 106-ე არქიეპისკოპოსის რანგში დატოვა.
საავადმყოფოს ყოფილი მედდის, ორი შვილის დედისა და ცნობილი ლიბერალის პრიორიტეტი იმ ინსტიტუტის იმიჯის აღდგენა იქნება, რომელიც სექსუალური ძალადობის სკანდალებმა დააზარალა. სარა მალალიმ დანიშვნისთანავე აღიარა, რომ მის წინაშე მდგარი ამოცანა „რთული და კომპლექსურია“. ერთი წლის წინ, მისი წინამორბედი იძულებული გახდა გადამდგარიყო, როდესაც ის ეკლესიაში მომხდარი სექსუალური ძალადობის ფაქტების დაფარვაში დაადანაშაულეს.
85 მილიონი მიმდევარი მსოფლიოში
BBC-სთან საუბრისას, ანგლიკანური ეკლესიის ახალმა ხელმძღვანელმა პირობა დადო, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა მოსმენას თავის პრიორიტეტად აქცევდა: „ინგლისის ეკლესიას, ბავშვთა დაცვის კუთხით, სერიოზული ხარვეზები ჰქონდა, რის გამოც ძალიან ვწუხვარ. ჩვენ არასოდეს უნდა ვიყოთ თვითკმაყოფილნი და ეს ნამდვილად იქნება საკითხი, რომელსაც კენტერბერიის არქიეპისკოპოსის რანგში პრიორიტეტულ ყურადღებას დავუთმობ“.
სარა მალალი კიდევ ერთი დიდი გამოწვევის წინაშე დგას: 85 მილიონი მორწმუნისგან შემდგარი გლობალური თემის სათავეში მოსვლით, მას ძალიან დანაწევრებული ეკლესიის გამთლიანება ევალება. როგორც მეტისმეტად ლიბერალად მიჩნეულმა ფიგურამ, მან მხარი დაუჭირა ერთნაირსქესიან წყვილთა კურთხევას და ეკლესიის საქმიანობაში ლგბტ თემის წევრთა ჩართულობას.
მას ბალანსირება მოუწევს. „ბევრს გაუჩნდება კითხვა, რას ნიშნავს ქალისთვის ინგლისის ეკლესიის მართვა და კენტერბერიის არქიეპისკოპოსის გლობალური როლის შეთავსება ანგლიკანურ თემში, – განმარტა მან, – მე განვიზრახე, ვიყო მწყემსი, რომელიც ყველას მისცემს საშუალებას, შეასრულოს მსახურება“.
ეს კავშირის აღდგენა აუცილებელია ულტრამემარჯვენეების აღზევების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც სახარებას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. მათ შორისაა ისლამოფობი ინფლუენსერი, ტომი რობინსონი, რომელიც დღეს თავს პატრიოტული ინგლისური ქრისტიანობის ერთადერთ წარმომადგენლად აცხადებს.




