11 იანვარი თბილისის ტრანსპორტის განვითარების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია.
1966 წლის 11 იანვარს ოფიციალურად გაიხსნა თბილისის მეტროპოლიტენის პირველი 6,5 კილომეტრიანი ხაზი— „დიდუბიდან“-„რუსთაველამდე“ 6 სადგურით.
იმ დროისთვის ეს იყო პირველი მეტრო კავკასიის რეგიონში და მეოთხე მეტროსისტემა მთელ საბჭოთა კავშირში. იდეა მიწისქვეშა ტრანსპორტის შექმნის შესახებ XX საუკუნის 40-იანი წლებიდან არსებობდა, ხოლო მშენებლობის დაწყების ოფიციალური გადაწყვეტილება 1951 წელს საბჭოთა მინისტრთა საბჭომ მიიღო.
თბილისელებისთვის ეს იყო დიდი სიახლე – ქალაქმა მიიღო თანამედროვე, სწრაფი და საიმედო ტრანსპორტი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ყოველდღიური გადაადგილების კულტურა.
დღეს თბილისის მეტრო უკვე 23 მოქმედი სადგურისა და დაახლოებით 27 კილომეტრი სიგრძის ორი ხაზისგან შედგება. ის კვლავ რჩება ქალაქის მთავარ სატრანსპორტო არტერიად.




