ვის უბრუნდება მართვის მოწმობა 1-ელი იანვრიდან

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განმარტა, რა ცვლილებები შედის ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებში.

გორდულაძის თქმით, ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენაზე ამნისტიის პარალელურად, გარკვეული კატეგორიისთვის მართვის მოწმობის ვადამდე აღდგენის შესაძლებლობა უქმდება.

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საპარლამენტო გუნდთან კონსულტაციები გაიმართა და მომზადებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით, იმ პირებს, რომლებსაც ამ მომენტისთვის აქვთ მართვის მოწმობები შეჩერებული, 1-ლი იანვრიდან, 1-ლი თებერვლიდან, გარკვეული დარღვევების შემთხვევაში, ეტაპობრივად აღუდგებათ მართვის მოწმობები და მათ შეეძლებათ, თავიანთი ავტოსატრანსპორტო საშუალებები მართონ. ეს იქნება გამაფრთხილებელი ნაწილი. ისინი კვალავ თუ ჩაიდენენ იმავე დარღვევას, მათთვის კანონი მკაცრად განსაზღვრული იქნება.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, პირს მართვის მოწმობა თუ ჩამორთმეული აქვს ალკოჰოლური სიმთვრალის გამო და ჩამორთმევის ვადის ნახევარი გავა, აღარ იქნება შესაძლებლობა, მიმართოს საპატრულო პოლიციის სამსახურს და გაიდახადოს კონკრეტული თანხა. მაგალითად, ჩააბაროს მართვის მოწმობის გამოცდები და მართვის მოწმობა აიღოს. ეს ჩანაწერები უქმდება.

შესაბამისად, ორ ნაწილად შეიძლება, დავყოთ წარმოდგენილი ინიციატივები. ერთი მხრივ, თუ პირს ალკოჰოლური სიმთვრალის გამო, ან შემთხვევის ადგილის მიტოვების გამო, ასევე ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენისთვის ან მოხმარებისთვის ჩამორთმეული აქვს მართვის მოწმობა, ასევე თუ ქულები გაუნულდათ, მათ 1-ელი იანვრიდან აღუდგებათ მართვის მოწმობები, ალკოჰოლურის შემთხვევაში 1-ელი თებერვლიდან. ხოლო სხვა პირებს, ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში, თუ ისინი დინამიურ დასკვნას წარადგენენ და დადასტურდება, რომ ისინი აღარ არიან მომხმარებლები, იმ მომენდიტან აღუდგებათ მართვის მოწმობა და შეეძლებათ, თავიანთი სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობა.

რაც შეეხება საკითხს, ვის არ შეეხება? მაგალითად, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად თუ პირი დაზიანდება ან გარდაცვალების ფაქტი დადგა და ამის გამო აქვს მართვის მოწმობა ჩამორთმეული, მას არ აღუდგება მართვის მოწმობები. ინიციატივის მიზანია, ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მართვის მოწმობები აიღონ და დაფიქრდნენ, რომ სხვა მსგავსი შემთხვევისას, მათ მიმართ იმოქმედებს მკაცრი სანქცია და ალკოჰოლური სიმთვრალის შემთხვევაში მართვის მოწმობის მიღების საშუალება აღარ ექნებათ. აღარ იქნება შესაძლებელი, რომ ნახევარი ვადის გასვლის შემდეგ მიმართონ პოლიციას. შესაბამის საპატრულო პოლიციიის ხელმძღვანელს აღარ ექნება უფლება, მოხსნას შესაბამისი შეზღუდვა და დაუბრუნოს მართვის მოწმობა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

უახლესი

მსგავსი სტატიები