„ასევე, კონცეფციისა და პირველი საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით დანერგილი ეს სიახლე თითოეულ საჯარო უნივერსიტეტს მისცემს საშუალებას დაიბრუნოს თავისი ისტორიული პროფილი. იმოქმედებს პრინციპი ,,ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი”. საგანმანათლებლო პროგრამები უნივერსიტეტების მიხედვით გადანაწილდება და თითოეული მათგანი უნიკალურ პროგრამას განახორციელებს. გამონაკლისი, რომელიც ამ კუთხით დაიშვება იქნება საერთაშორისო აკრედიტაციისა და ერთობლივი ან ორმაგი ხარისხის მოქმედი პროგრამები, რომელთა შენარჩუნება ინტერნაციონალიზაციის მიზნით მოხდება.
გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ჩამოშალა მითი, თითქოს ვინმე ხელოვნურად გეგმავდა სტუდენტების რაოდენობის შემცირებას. შარშან, სახელმწიფო უნივერსიტეტებში 19 311 სტუდენტი ჩაირიცხა. წელს კი, უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი 2 000-მდე სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება.
გამორჩეული ყურადღება დაეთმობა პროფესიულ პროგრამებსაც, რომლის მისაღებთა რიცხვიც დაახლოებით 10 000 სტუდენტს შეადგენს. სახელმწიფო უნივერსიტეტების მსგავსად, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებიც განათლებას უფასოდ მიიღებენ.
რასაც ვამბობდით, კიდევ ერთხელ დადასტურდა – რაც კი აქამდე ქართული განათლებისთვის არ გაკეთებულა, კეთდება დღეს. ამ რეფორმით, საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცე შეძლებს თავისი კუთვნილი ადგილი განიმტკიცოს საერთაშორისო აკადემიაში.“- წერს გიორგი ჩაკვეტაძე.


მსგავსი სტატიები


