დრონი, რომელიც ესტონეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის საზღვრიდან შეფრინდა და ელექტროსადგურის საკვამურს შეეჯახა, უკრაინული აღმოჩნდა.
ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციის გენერალურ დირექტორის, მარგო პალოსონის განცხადებით, დრონის ნამსხვრევები მიუთითებს, რომ ეს უკრაინული დრონი იყო.
„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მიზანი ესტონეთში თავდასხმა არ იყო. ჩვენი ინფორმაციით, ეს იყო უკრაინის კონტრშეტევა რუსეთზე და ამ თავდასხმის შედეგებმა ჩვენს საზღვრამდეც მიაღწია. ეს არ არის პირველი ასეთი ინციდენტი და, როგორც ჩანს, დღევანდელი თავდასხმის სამიზნე რუსეთის უსტ-ლუგის პორტი იყო“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტიან მიხალმა პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, დღეს ესტონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (ERR) ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ესტონეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის საზღვრიდან დრონი შეფრინდა და აუვერის ელექტროსადგურის საკვამურს შეეჯახა.




