ამერიკულმა ავტორიტეტულმა გამოცემა Newsweek-მა, Newsweek Educational Insight-ისა და The Report Company-ს პარტნიორობით, გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში (Newsweek Country Reports), რომელიც საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს, მზარდ ლოგისტიკურ როლსა და ამერიკული ინვესტიციების გააქტიურებას ეძღვნება.
სტატიების სერიაში დეტალურადაა განხილული ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობა „შუა დერეფნის“ კონტექსტში, მსხვილი ინფრასტრუქტურული და ავიაციური პროექტები, უძრავი ქონების ბაზრის დინამიკა და ინოვაციური მიდგომები ჯანდაცვისა თუ თავდაცვის წარმოებაში.
ანგარიშის მთავარი თემა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და „შუა დერეფნის“ განვითარებაა, რასაც აშშ-ის მხრიდან მზარდი დიპლომატიური და ფინანსური მხარდაჭერა ახლავს.
სტატიაში ხაზგასმულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მიერ ფოთის პორტის გაფართოებისთვის გამოყოფილი $25-მილიონიანი სესხი, რომელიც „პეის ჯგუფთან“ (Pace Group) თანამშრომლობით ხორციელდება.
პროექტის მიზანია პორტის გამტარუნარიანობის წელიწადში 1 მილიონი ტონით გაზრდა და ცენტრალური აზიის დასავლურ ბაზრებთან დაკავშირება, რაზეც კომპანიის თანადამფუძნებელი ირაკლი კერვალიშვილიც ამახვილებს ყურადღებას.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო უკვე ჩამოყალიბდა მძლავრ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად. გამოცემის ცნობით, 2025 წელს ამერიკული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში ორჯერ გაიზარდა და $158.1 მილიონს მიაღწია (განსაკუთრებით უძრავი ქონებისა და ტექნოლოგიების სექტორებში), ხოლო „შუა დერეფნის“ მარშრუტით ტვირთბრუნვა 2026 წლის პირველ ხუთ თვეში 21%-ით გაიზარდა.
საჰაერო გადაზიდვებისა და გლობალური ლოგისტიკის მიმართულებით Newsweek-ი ავიაკომპანია Geosky Airlines-ის წარმატების ისტორიას მიმოხილავს.
კომპანია, რომელიც 2012 წელს NATO-სა და კოალიციური ძალების მომარაგებით დაიწყო საქმიანობა, დღეს 64 ქვეყანაში ოპერირებს და ოთხ Boeing 767-300-სა და Boeing 747-ის ტიპის სატვირთო ხომალდებს ფლობს. აღმასრულებელ თავმჯდომარე თორნიკე ქორთოშიძის ხელმძღვანელობით, 2020 წლიდან ავიაკომპანიამ აქცენტი ადგილობრივი ბაზრის, სამედიცინო ტვირთების გადაზიდვისა და ქართველი პროფესიონალების ევროპული სტანდარტებით (IOSA სერტიფიცირება) გადამზადებაზე გააკეთა.
სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ სექტორში წამყვან პოზიციებს იკავებს Hunnewell Cement-ი, რომელიც ქვეყანაში კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია და ბაზრის 60%-ს აკონტროლებს.
გენერალური დირექტორის, დავით ჯუღაშვილის თქმით, $100-მილიონიანი საინვესტიციო პროგრამით კომპანია კასპის ქარხანაში ახალ ღუმელსა და ორ ახალ ცემენტის წისქვილს ამატებს, ხოლო ბეტონის ქარხნების ქსელი 16 ობიექტამდე გააფართოვა.
კომპანია ასევე აქტიურად ნერგავს მწვანე ტექნოლოგიებს და საწვავად ძველ საბურავებსა და მუნიციპალურ ნარჩენებს იყენებს. ამავე სექტორში დინამიურად ვითარდება BK Construction-ი (CEO ბაკურ ბერეკაშვილი), რომელიც ციფრული ტექნოლოგიებისა და ენერგოეფექტური მეთოდების გამოყენებით 20-ზე მეტ მსხვილ პროექტს ახორციელებს, მათ შორის ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა Radisson, Marriott და Ramada.
დეველოპმენტისა და უძრავი ქონების სფეროში სტატიაში გამოყოფილია One Development-ი, რომელსაც ლუკა გერეხელიას ხელმძღვანელობით ბაზარზე ახალი სტანდარტები შეაქვს.
კომპანიის ფლაგმანური პროექტია ბათუმის ცენტრში, გმირთა ხეივანთან მდებარე 36-სართულიანი კომპლექსი (450 ბრენდირებული რეზიდენციით), ხოლო ურეკში იწყებს რეგიონის პირველი Wellness-კურორტის მშენებლობას, რომელიც მაგნიტურ ქვიშასა და ზღვის ჰაერს გამაჯანსაღებელ კონცეფციაში აერთიანებს.
პროექტების არქიტექტურასა და კონცეფციაზე ცნობილი სტუდიები – Salt Projects, Stipfold და Stance მუშაობენ.
მეორე მასშტაბური დეველოპერული ინიციატივაა Ambassadori Island Batumi – შავ ზღვაზე 102 ჰექტარზე გაშლილი პირველი ხელოვნური კუნძული (ორი ნახევარკუნძულითა და ცენტრალური კუნძულით). პროექტის გენერალური დირექტორის, გოჩა კამკიას თქმით, $5 მილიარდზე მეტი ჯამური ინვესტიციის ფარგლებში (საიდანაც $100 მილიონი უშუალოდ „ამბასადორი ჯგუფმა“ ჩადო) მოეწყობა 58-სართულიანი კოშკი (1,358 ბინით), იახტ-კლუბი, ჰელიპადები, სავაჭრო ცენტრები და მწვანე ზონები (ტერიტორიის 49%). პროექტი ARUP-თან და SHoP Architects-თან პარტნიორობით, ჭკვიანი ქალაქისა და ESG სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება.
სპეციალურ ანგარიშში ასევე განხილულია ინოვაციური მიდგომები ჯანდაცვისა და თავდაცვითი ტექნოლოგიების სფეროში. კურორტი „ბიოლი“ (Bioli Wellness Resort), დოქტორ თამაზ მჭედლიძის ჯანმრთელობის რესურსების მართვის (HRM) კონცეფციაზე დაყრდნობით, საქართველოს უნიკალურ კლიმატურ ზონებს სამედიცინო და გამაჯანსაღებელ ინსტრუმენტად აქცევს.
თავდაცვის ინდუსტრიაში კი TAM Management-ი (თბილავიამშენი), დამფუძნებელ ვაჟა თორდიასა და მოადგილე მიხეილ როგავას ხელმძღვანელობით, Su-25-ის მოდერნიზაციისა და 1,100-ზე მეტი აწყობილი თვითმფრინავის გამოცდილების ბაზაზე, $15-მილიონიანი ინვესტიციის ფარგლებში ავითარებს ხელოვნური ინტელექტით (AI) აღჭურვილ ქართულ უპილოტო საფრენ აპარატებს (Angry Bird) და შორ მანძილზე მფრინავ სადაზვერვო დრონებს.