აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ოფიციალურმა ბაქომ აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
აღნიშნული განცხადება ალიევმა ასტანაში ვიზიტისას ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ თოყაევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„უნდა ვთქვა, რომ აზერბაიჯანმა მოხსნა ყველა შეზღუდვა, რომელიც ოკუპაციის მომენტიდან სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე იყო დაწესებული. პირველი ასეთი ტრანზიტული ტვირთი ყაზახური ხორბალი აღმოჩნდა. ვფიქრობ, ეს კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა არსებობს არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ პრაქტიკაზეც“, – განაცხადა ალიევმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა აზერბაიჯანის გადაწყვეტილება მოიწონა. „ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია რეგიონული კომუნიკაციების, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის გაძლიერებისა და ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმების შესაბამისად მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციისთვის“, – განაცხადა ბაღდასარიანმა.


