ბათუმში რუსთაველის და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას, ჭავჭავაძის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში და რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას, გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში.
სამუშაოების ფარგლებში არსებული ქვაფენილი ჩანაცვლდება სამფენიანი ასფალტის საფარით, მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარი, ბორდიურები, გზაგამყოფი ზოლი მწვანე საფარითა და დეკორატიული ნარგავებით, უსაფრთხოების კუნძულები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 18 ოქტომბრიდან 2026 წლის იანვრის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის ქუჩაზე — დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩამდე მონაკვეთშიც და გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში.
შეზღუდვის პერიოდში, ნინოშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ორმხრივი გახდება.
ცვლილებები შევა სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულებებშიც. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ბათუმის მერიის ვებგვერდზე.


