ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო საფრანგეთში, გასტრონომიის ფესტივალზე იყო წარმოდგენილი

ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის მიზნით, ქართული ღვინო საფრანგეთის ღვინის და გასტრონომიის პრესტიჟულ ფესტივალზე „Arts & Vin“ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Le Pont Caucasien“ ორგანიზებით წარდგა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ფესტივალი, რომელიც ქალაქ ტეულ-სულ-მერში (Théoule-sur-Mer) გაიმართა, ყოველწლიურად ათასობით სტუმარს, მათ შორის, ღვინის პროფესიონალებსა და HoReCa სექტორის წარმომადგენლებს მასპინძლობს.
სტუმრებს ქართული ღვინო საფრანგეთში მოღვაწე ენოლოგმა, კომპანიის „Le Pont Caucasien“ ხელმძღვანელმა ილია კახოიძემ წარუდგინა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.
სააგენტო, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს, მათ შორის ისეთ მეღვინეობით ცნობილ ქვეყნებში, როგორიც საფრანგეთია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნა მუდმივად იზრდება.

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან საფრანგეთში ექსპორტირებულია 111 ათასი ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 71%-ით მეტია.

ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის 9 თვეში ქართული ღვინო წარდგენილი იყო 21 გამოფენა/ფესტივალსა და 220-მდე დეგუსტაცია-სემინარზე აშშ-ში, ასევე ევროპისა და აზიის ჯამში 20-მდე ქვეყანაში.

უახლესი

მსგავსი სტატიები