გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ბრიტანეთის პარლამენტში გამოვიდნენ მოწოდებით, ჩაკეტონ საკანონმდებლო ხვრელი, რომელიც ბრიტანეთის თვითმფრინავებს საშუალებას აძლევს იფრინონ რუსული ნავთობისგან წარმოებული რეაქტიული საწვავით.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის „ლეიბორისტი“ წევრის, ლიამ ბირნის განცხადებით, ყოველთვე, სანამ ბრიტანეთი არსებულ ხვრელს არ დახურავს, ბრიტანული ფულით მარაგდება რუსეთის სამხედრო მანქანა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის.
გამოცემის მტკიცებით, დიდმა ბრიტანეთმა რუსული ნავთობის პირდაპირი იმპორტი 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყებიდან 10 თვეში შეაჩერა. ამის შემდეგ ლონდონი სულ უფრო აფართოებს სასანქციო რეჟიმს რუსეთის წინააღმდეგ. 2025 წლის აპრილში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „გაამკაცრებს ზომებს“ რუსულ ნავთობთან დაკავშირებით.




