„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ოპოზიციის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანები „პოლიტიკურ აუტისტებად“ მოიხსენია და დაწერა: „მთლად „პოლიტიკური აუტისტები“ მაინც ნუ ილაპარაკებთ ყველასთვის ხელის ჩამორთმევაზე და ხალხთან შეხვედრებზე, ვინმე ცინიკოსმა ძაან აბუჩად არ აგიგდოთ“. მის განცხადებას აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები გამოეხმაურნენ.
როგორც უფლებადამცველმა მარი კორკოტაძემ აღნიშნა, ჯერ იყო და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ჰყავდათ ამოჩემებული და მათ მდგომარეობას იყენებდნენ, ახლა კი აუტისტ ადამიანებზე გადავიდნენ. მისი თქმით, ასეთი განცხადებები ყველანაირ ზღვარს სცილდება.
„რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ადამიანი გვიმტკიცებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლა უნდა და ხელისუფლებაში მოსვლა რომ გინდა ადამიანს, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებისთვის უნდა გააკეთო ყველაფერი, რაც კანონით გევალება. კანონით კი გევალება, რომ პატივი უნდა სცე განსხვავებულ ადამიანებს, აქედანვე, ჯერ ხელისუფლებაში არ მოსულა და აკნინებს ჩემი შვილის მდგომარეობას და ყველანაირ ზღვარს სცილდება. მე ასეთ პოლიტიკოსს არასდროს მივცემ ხმას და არასდროს მექნება სურვილი, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ასეთი ადამიანი, რომელიც განსხვავებული ადამიანების მდგომარეობას იყენებს ვიღაცის დასაკნინებლად. მე არც მინახავს ეს განცხადება, წამშალა თავის დროზე მეგობრებიდან ნიკა გვარამიამ და ამიტომ მის პოსტებს აღარ მიგდებს. ჯერ იყო და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ჰყავდათ ამოჩემებული და მათ მდგომარეობას იყენებდნენ, ახლა გადავიდნენ აუტისტ ადამიანებზე. არ ვიცი, სადღაც ზღვარი ხომ უნდა იყოს. ნიკა გვარამიას ვაჩვენებ, ჩემი შვილი ყოველდღიურად რა გზას გადის, როგორი ცხოვრება აქვს და თუ მოუნდება მერე, რომ მისი მდგომარეობა ვიღაცის დასაკნინებლად გამოიყენოს, შემომხედოს თვალებში და მითხრას ეს ყველაფერი, რომ, კი, გამოვიყენებ. მაინტერესებს კიდე, ნიკა გვარამიას, ან სხვებს თუ უფიქრიათ, ჩვენ, მშობლები, რას განვიცდით, როცა ჩვენი შვილების მდგომარეობას ასე იყენებენ? ჩაიხედოს ჩვენს გულებში და ნახოს, ყოველ ასეთ ნათქვამზე როგორ იფლითება ჩვენი გული“, – განაცხადა მარი კორკოტაძემ.
„ეს ვინ თქვა, ვინ გაბედა ამის თქმა? როგორც შშმ პირების უფლებადამცველი და შშმ პირის დედა, რომელსაც აუტისტური სპექტრის მქონე შვილი ჰყავს, მივიჩნევ რომ მსგავსი ტიპის განცხადებებისგან, აბსოლუტურად ყველამ დედამიწის ზურგზე, თავი უნდა შეიკავოს“, – აღნიშნავს აუტისტური სპექტრის ბავშვის მშობელი, უფლებადამცველი მარიამ დალაქიშვილი.
„ეს არის ის სტიგმა და საშინელი ეპითეტით მოხსენიება ადამიანის, რომელიც დედამიწის ზურგზე არ უნდა გააკეთოს არავინ. აუტისტი, დაუნი და ასე შემდეგ… მინიმუმ, თუ ამდენის შეგნება არ აქვთ ამ ადამიანებს, რომ მსგავსად არ ისაუბრონ, სხვას მაინც დაეკითხონ, როგორ იქნება კორექტულად რომ ვისაუბროთ და მით უმეტეს, არ გამოვიყენოთ ასეთი ეპითეტები აუტისტური სპექტრის მქონე და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ. ეს არის შეურაცხმყოფელი, რაც მან გააკეთა, არა მარტო ამ ადამიანებისთვის, ვისაც ეს კონკრეტული დიაგნოზი აქვს, არამედ მათი მშობლებისთვის. ჩვენ ამას ვებრძვით მთელი ცხოვრება როგორც მშობლები, ასევე, უფლებადამცველები. ამდენი შეგნება გვარამიას კი არა ყველას უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანაში, რომ მსგავსად არ ისაუბროს. ეს შეგნება რომ ჰქონდეს, მინიმუმ, ემოციური ინტელექტი უნდა მოგყვებოდეს“, – განაცხადა მარიამ დალაქიშვილმა Newshub.ge-სთან საუბრისას.




