rmenpress-ის ინფორმაციით, სომხეთის მთავრობამ ირანის საზღვარზე „გამარტივებული საბაჟო დერეფნის“ ამოქმედების შესახებ შესაბამისი პროტოკოლი დაამტკიცა. არსებული ინფორმაციით, ინიციატივა ოფიციალურ თეირანს ეკუთვნის და ის მიზნად ორ ქვეყანას შორის სავაჭრო პროცედურების გამარტივებას ისახავს. ახალი რეჟიმი კანონმორჩილი ბიზნესსუბიექტებისთვის საბაჟო ფორმალობების შემსუბუქებასა და საზღვარზე ტვირთების გადაადგილების დაჩქარებას უზრუნველყოფს.
პროექტის ფარგლებში მხარეები საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა, მათ შორის ექსპედიტორთა შესახებ ინფორმაციას ელექტრონულად გაცვლიან. დერეფნით სარგებლობის შესაძლებლობა ნებაყოფლობით საფუძველზე მიეცემათ იმ სომხურ და ირანულ კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც საბაჟო წესების დარღვევის მინიმალურ რისკს შეიცავს. საგამონაკლისო წესით, გამარტივებული რეჟიმი პირადი მოხმარების ავტომობილებზე არ გავრცელდება და ის კომერციული დანიშნულების ყველა სახის ტვირთსა და სატრანსპორტო საშუალებას მოიცავს.
წინასწარი მონაცემების დამუშავებაზე დაფუძნებული რისკების მართვის ახალი სისტემა საბაჟო კონტროლის ფორმებსა და მოცულობას საგრძნობლად შეამცირებს. ამას გარდა, ეს მიდგომა სავალდებულო დოკუმენტაციის რაოდენობას შეკვეცს და საზღვარზე ტვირთების დაყოვნების დროს მნიშვნელოვნად შეამოკლებს. შესაბამისად, საბაჟო ორგანოებში პროცედურების გამარტივება საერთაშორისო გადამზიდველებისთვის საოპერაციო ხარჯების დაზოგვასაც გამოიწვევს.