მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლემ კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირს “BATUMI OPEN”-ს უმასპინძლა.
ქართველმა კარატისტებმა ტურნირზე 35 მედალი მოიპოვეს, აქედან 7 ოქრო, 10 ვერცხლი და 18 ბრინჯაო. ამ შედეგით საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.
შეჯიბრების დასკვნით დღეს 18-წლამდელთა შორის აბსოლუტური ჩემპიონი ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი ავთანდილ პარწიკანაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში თანამემამულე, ასევე ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი – დიმიტრი მსხალაძე, დაამარცხა.
ტურნირში 13 ქვეყნის 431 სპორტსმენი მონაწილეობდა.
ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე; საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, გენერლ ლეიტენანტი ანზორ ჩუბინიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2026 წლის 9-10 მაისს კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს ბათუმი უმასპინძლებს.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.


