„მიმდინარე პროცესები და სამომავლო გეგმები სასკოლო ცხოვრებაში“ – ამ თემაზე ახალციხეში, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძოს სკოლის დირექტორებთან, შეხვედრა გაიმართა. დირექტორებს სიტყვით მიმართეს და დაუღალავი შრომისათვის მადლობა გადაუხადეს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სკოლების ნამუშევრების გამოფენა და გაციფრულებული ფილმის ჩვენება.
პარლამენტის დეპუტატმა, რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ქვეყნის განვითარებისათვის საგანმანათლებლო დაწესებულებების განსაკუთრებულ როლზე გაამახვილეს ყურადღება და დირექტორებს სკოლებში არსებული საკითხების მოსაგვარებლად მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდნენ.
„ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე, მიღწევებზე. სკოლის დირექტორებისგან მოვისმინეთ მათ სკოლებში არსებული საჭიროებების შესახებ და არა მხოლოდ. დავპირდით, რომ მომდევნო წლების განმავლობაში მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა უკეთეს პირობებში ისწავლონ“, – განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ვარლამ წიკლაურმა.




