აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ორჰანგაზის, ინეგოლისა და იზნიქის ქალაქების მერებთან.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივი ღონისძიებების, ასევე გაცვლითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
ელისო ბოლქვაძე შეხვდა, სტამბოლის ათათურქის კულტურის ცენტრის გენერალურ სამხატვრო ხელმძღვანელს, ბურსას კულტურისა და ტურიზმის გენერალურ დირექტორს, მოინახულა სხვა კულტურული ორგანიზაციები, ასევე ეწვია ორჰანგაზის კავკასიური კულტურის ასოციაციას, სადაც შეხვედრა გამართა ამავე რეგიონში მოქმედი ქართული დიასპორების წარმომადგენლებთან.
შეხვედრებში მონაწილეობდნენ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია, გენერალური კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე ოსმან მჟავანაძე და აჭარის კულტურის სამინისტროს ფოლკლორის ხელშეწყობის განყოფილების უფროსი მადონა თევზაძე.




