გარდაბნის მუნიციპალიტეტი წინასაახალწლო ზეიმისთვის ემზადება. 22 დეკემბერს, საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე საახალწლო კონცერტი გაიმართება.
ღონისძიება დატვირთული იქნება მრავალფეროვანი პროგრამით და ყველა თაობის სტუმარს დაუვიწყარ განწყობას ჰპირდება. სადღესასწაულო აქტივობები 16:00 საათიდან დაიწყება. სპეციალურად ამ დღისთვის მოეწყობა:
საგამოფენო სივრცეები და ფოტოზონები, სადაც სტუმრები სამახსოვრო ფოტოების გადაღებას შეძლებენ; ზღაპრის გმირები და თოვლის ბაბუა ბავშვებს ტკბილეულითა და საჩუქრებით გაუმასპინძლდებიან; საღამოს კულმინაცია იქნება გალა -კონცერტი, რომელშიც ცნობილი ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტის პარალელურად, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონია გაიმართება, საღამო კი გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ რეგიონებში კულტურის ხელმისაწვდომობის გაზრდისა და საახალწლო განწყობის შექმნის მიზნით, საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, მსგავსი ღონისძიებები 62 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დაბა ბაკურიანსა და წეროვანშიც ჩატარდება.




