ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ საწვრთნელო საქმიანობაში გადასვლას არ აპირებს, თუმცა სურს, საფეხბურთო კლუბის მფლობელი გახდეს.

“საკუთარ თავს მწვრთნელად ვერ ვხედავ“ – თქვა მესიმ არგენტინულ სტრიმინგ-არხ Luzu TV-სთან ინტერვიუში, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა.

“მწვრთნელობის იდეა მომწონს, მაგრამ უფრო მეტად მფლობელობა მიზიდავს. მინდა, საკუთარი კლუბი მქონდეს, ნულიდან დავიწყო და დიდ კლუბად ვაქციო. ბავშვებისთვის განვითარების და რაღაც მნიშვნელოვანის მიღწევის შესაძლებლობის მიცემა მხიბლავს. არჩევანის გაკეთება რომ მომიწიოს, ეს უფრო მიმზიდველი იქნებოდა ჩემთვის“ – განაცხადა მესიმ.

მესის “ინტერ მაიამიში“ სამომავლო უმცირეს წილში მფლობელობის უფლება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კლუბის სპორტულ და კომერციულ მიმართულებებზე გავლენას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მოახდენს.

მესიმ მაიამიში დარჩენის შესახებ ახალი კონტრაქტის გაფორმებით ყველა სპეკულაციას წერტილი დაუსვა, თუმცა კონტრაქტის გახანგრძლივება მხოლოდ სათამაშო კარიერას არ უკავშირდება.
Apple-მა, რომელმაც MLS-ის სატელევიზიო ტრანსლაციების ათწლიანი უფლებებისთვის მინიმუმ $2.5 მილიარდი ჩადო, მესის გამომწერთა შემოსავლებიდან წილიც შესთავაზა.

გარდა ამისა, ფეხბურთელმა დააარსა “მესის თასი“ (The Messi Cup), რომლის პირველი გათამაშება დეკემბერში გაიმართა. ტურნირზე “ინტერ მაიამის“ 16-წლამდელთა გუნდი დაუპირისპირდა მადრიდის “ატლეტიკოს“, “ბარსელონას“, “ჩელსის“, “ინტერს“, “მანჩესტერ სიტის“, “ნიუელს ოლდ ბოიზს“ და “რივერ პლეიტს“ – შეხვედრები ფორტ ლოდერდეილში, Chase Stadium-ზე ჩატარდა. მომავალში განიხილება MLS-ის აკადემიის სხვა გუნდების მიწვევაც.

უახლესი

მსგავსი სტატიები