საქართველოში ფიგურულ ციგურაობაში „ჩელენჯერის სერიის“ საერთაშორისო ტურნირს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. „თრიალეთის თასი 2025“ დღეს იღებს სტარტს და თბილისის ყინულის არენაზე გაიმართება.
ტურნირი კაცების, ქალების, სპორტული წყვილებისა და სპორტული ცეკვების კატეგორიაში მოეწყობა. მასში მონაწილეობას საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით მიიღებს. მაყურებლის წინაშე წარდგებიან: ნიკა ეგაძე, ანასტასია გუბანოვა, ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა, დიანა დევისი და გლებ სმოლკინი, მარია კაზაკოვა და ვლადისლავ კასინსკი. მათ გარდა ტურნირში კიდევ 26 ქვეყნის წარმომადგენელი იასპარეზებს, მათ შორის ამერიკელი, უკრაინელი, ბრაზილიელი, გერმანელი, ესპანელი, იტალიელი და სხვა მოციგურავეები.
ტურნირს 14:00 საათზე ქალები გახსნიან. 17:20 საათზე ყინულზე სპორტული მოცეკვავეები გავლენ, ხოლო 20:10 საათიდან მოკლე პროგრამის წარდგენას კაცები დაიწყებენ. ბილეთების შეძენა ამ ბმულზეა შესაძლებელი.
წელს ოთხივე სახეობაში „ჩელენჯერის“ ტურნირები მხოლოდ საქართველოში, იაპონიაში, გერმანიასა და ხორვატიაში გაიმართება.
„ჩელენჯერის სერიის“ ტურნირები საერთაშორისო საციგურაო კავშირის ინიციირებით 2014-2015 სპორტული სეზონიდან იმართება და მისი შედეგი სენიორების კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენებისათვის მნიშვნელოვანია. სწორედ „ჩელენჯერის სერიის“ ტურნირებზე ეძლევათ სპორტსმენებს შესაძლებლობა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობის მისაღებად მინიმალური ქულები დააგროვონ და ასევე მსოფლიო სარეიტინგო სიაში მაღალ პოზიციებს მიაღწიონ. ტურნირი სპორტსმენებს ახალი პროგრამების წარმოდგენისა და მეტი საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.


