ლევან კობიაშვილი „ფიფას” ტექნიკური განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართველი წარმომადგენელი ამ თანამდებობას იკავებს.
კომიტეტი, რომელიც 24 ქვეყნის ფედერაციის პრეზიდენტებს აერთიანებს, „ფიფას“ წევრი ასოციაციების მხარდაჭერასა და ფეხბურთის განვითარებაზე მუშაობს. ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი ფიფას მამაკაცთა ნაკრებების საშეჯიბრო კომიტეტის წევრი იქნება, რომელიც მაღალი დონის ტურნირების ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი.
ორივე კომიტეტში საქმიანობა 2025-2029 წლებში გაგრძელდება. პარალელურად, კობიაშვილი განაგრძობს მუშაობას უეფას აღმასრულებელ და ფეხბურთის კომიტეტებში, სადაც ისეთ ლეგენდებთან ერთად მუშაობს, როგორებიც არიან ლუიშ ფიგუ და დემეტრიო ალბერტინი.


