საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ლიდერთა პანელურ დისკუსიაში თემაზე – მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა.


მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ დაძაბულობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა დიალოგის, დიპლომატიის, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ირაკლი კობახიძის შეფასებით, კონფლიქტები გავლენას ახდენს ყველაფერზე – სავაჭრო მარშრუტებზე, ენერგეტიკაზე, ტრანსპორტის დარგზე, ეკონომიკურ სტაბილურობაზე და აუცილებელია არსებითი გამოსავლის პოვნა.

„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო. ამავდროულად, ვხედავთ რა ფუნდამენტური გამოწვევების წინაშე იმყოფება ევროკავშირი. წლების განმავლობაში ევროკავშირს ჰქონდა ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობის ძლიერი მაჩვენებლები, ძლიერი დემოკრატია და სამართლის უზენაესობა. თუმცა, ამჟამინდელ ევროკავშირს სამივე მიმართულებით სერიოზული გამოწვევები აქვს. ეს ჩვენ ძალიან გვაწუხებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ევროკავშირში სიტუაცია სამომავლოდ შეიცვლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო სატრანზიტო ჰაბია ტვირთების, სერვისების, ენერგიის, ციფრული მონაცემების სწრაფი მიწოდებისთვის და ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს ქვეყნის ამ ფუნქციის გასაძლიერებლად.

„ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია. თუ ეკონომიკურ მაჩვენებლებს შევხედავთ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკამ და ზოგადად პოლიტიკამ თავისი წარმატებულობა დაამტკიცა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს მთელი ევროპის მასშტაბით ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3 პროცენტს შეადგენს 2021 წლიდან. ეს არის ჩვენი ხედვა – მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში და უზრუნველვყოთ ეკონომიკური წინსვლა და დაკავშირებადობა. ამ მიდგომითა და ასეთი ხედვით არა მარტო მშვიდობას შევინარჩუნებთ ქვეყანაში, არამედ რეგიონშიც – სამხრეთ კავკასიის რეგიონში – ხელს შევუწყობთ მშვიდობას“, – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ლიდერთა პანელური დისკუსიისას ასევე ყურადღება გაამახვილა ლიდერობის სიმწირეზე და აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა.

„ყველა ლიდერი უნდა ფიქრობდეს საკუთარი მოსახლეობისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე. ეს ყოველთვის ასე არ ხდება. ასეთია საქართველოს მიდგომა. ვცდილობთ მშვიდობის შენარჩუნებას, სტაბილურობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფას, ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარის განმტკიცებაზე, სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე. რეალობა ცხადყოფს, რომ ეს მიდგომა წარმატებულია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებულ არაფორმალურ გავლენებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს მაგალითზე მსგავსი გავლენები თვალსაჩინოა. პრემიერმა ხაზი გაუსვა წესებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის აღდგენის მნიშვნელობას და დიპლომატიის როლს ამ მიმართულებით.

„საქართველო 23 საუკუნისაა. შესაბამისად, ჩვენ გენეტიკურ კოდშია დიპლომატია. ამ 23 საუკუნის განმავლობაში ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში და იმპერიების გზაჯვარედინზე გვიწევდა არსებობა. მრავალი ასეთი იმპერია დღეს უკვე აღარ არსებობს, მაგრამ საქართველო გადარჩა. ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო დიპლომატია. ამიტომ, ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მისი როლის. თუ მსოფლიოს მასშტაბით ვერ მოვახერხებთ წესებზე და ფასეულობებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაბრუნებას, დიპლომატია ვერასოდეს აღმოჩნდება უხეშ პოლიტიკურ ინტერესებზე უპირატესი. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა კონცენტრაცია მოვახდინეთ დიპლომატიურ გამოსავალზე, პრაგმატულ გადაწყვეტებზე, დაკავშირებადობის უნარის გაძლიერებაზე. ეს გვეხმარება რეგიონში არა მხოლოდ მშვიდობის შენარჩუნებაში, არამედ ასევე ჩვენს სახელმწიფოებში კეთილდღეობის გაუმჯობესებაში. უნდა ვაშენოთ ხიდები და არა დავწვათ. ეს უნდა იყოს საერთო მიდგომა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დისკუსიაში, რომლის მოდერატორი იყო თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრი მევლუთ ჩავუშოღლუ, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა მონაწილეობდნენ.

უახლესი

მსგავსი სტატიები