აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ III-ის ძმის, ენდრიუს დაკავებას სამარცხვინო უწოდა.
ჯეფრი ეპშტეინის საქმის ფარგლებში, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორის დაკავებაზე კითხვა პრეზიდენტს თვითმფრინავის ბორტზე დაუსვეს.
„მე გარკვეულწილად ექსპერტი ვარ, რადგან სრულად გამამართლეს, ამიტომ შემიძლია ამაზე საუბარი. ეს ძალიან სამარცხვინოა. სამწუხაროა იმის ხილვაც, თუ რა მდგომარეობაშია ამის გამო მისი ძმა, მეფე ჩარლზი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ძალიან მალე ჩამოვა. ეს ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა ტრამპმა.
სამართალდამცველებმა ენდრიუ გუშინ დააკავეს. საქმე ეხება მის მიერ ჯეფრი ეპშტეინისთვის ბრიტანეთის ოფიციალური სავაჭრო დოკუმენტების მიწოდებას. მეფე ჩარლზ III-ის ძმას საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. მოგვიანებით ენდრიუ გამოუშვეს, თუმცა საქმის ძიება გრძელდება.




