არანაირი წინააღმდეგობა ჩვენი პროგრამების დაფინანსებისა არ გვაქვს, პირიქით, მივესალმებით ყველანაირ დახმარებას, მათ შორის, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამებით ხორციელდება. 600-მდე თუ უფრო მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა ამ გამჭვირვალობის კანონის მიხედვით. “ფარას” კანონის მიხედვით, ყველამ ანგარიში უნდა ჩააბაროს ქვეყანას და საზოგადოებას, მათ შორის მათ, ვინც გადაიტანეს თავისი ანგარიშები და რეგისტრაცია საზღვარგარეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, განაცხადა, რომელიც ევროკომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა არასამთავრობოებისთვის 8 მილიარდი ევროს გამოყოფასთან დაკავშირებით.
მისი განცხადებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა თანხა შემოდის ქვეყანაში და რაში იხარჯება, სხვა შემთხვევაში, ეს არის შავი ფული. რაც შეეხება მარტა კოსის და “საქართველოს მოძულე სხვა ადამიანების” განცხადებებს, ვოლსკის თქმით, ამ კრიტიკის მიუხედავად, სახელმწიფო გაუმკლავდება შავი ფულის შემოტანის მცდელობებს სწორედ იმ კანონებით, რაც განვითარებულ დემოკრატიებში ჩვეულებრივ სტანდარტად მიიჩნევა.
“ამ პრინციპზე ვდგავართ. რასაკვირველია, აქედან უკან არ დავიხევთ, მიუხედავად მარტა კოსის თუ სხვა საქართველოს მოძულე ადამიანთა კრიტიკისა. არსებობს სისტემა, არსებობს კანონი და ამ კანონს უნდა ადავემორჩილოთ, როგორც ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა თანხა შემოდის და რაში იხარჯება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის შავი ფული. მარტა კოსის განცხადება შემაძრწუნებელია, გვეუბნება, რომ დიახაც, შავი ფული უნდა შემოვიტანო და დიახაც, უნდა მოვძებნოთ გზები, ისე დავაფინანსოთ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ კონტროლი არ იყოს. ეს არის პრობლემა, მაგრამ, რასაკვირველია, ამ პრობლემას გავუმკლავდებით იმ სისტემის და კანონების მეშვეობით, რომელიც განვითარებულ დემოკრატიებში აბსოლუტურად ჩვეულებრივი სტანდარტია. ასე რომ, ნურავინ ეცდება, რომ შემოიტანოს თანხა და ჩადოს იმ ექსტრემიზმის განვითარებაში, რომელიც, სამწუხაროდ, ვიხილეთ თბილისის ქუჩებში და არც ახლა არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ მიზნით ხდებოდეს ამ თანხების კოორდინაცია.USAID -მა რაც შეაჩერა ამ ნგრევის სცენარის დაფინანსება, ეს თავის თავზე აიღო ევროკავშირმა, როდესაც უკრაინაში ასეთი მდგომარეობაა შექმნილი.” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
გიორგი ვოლსკი: ვენეციის კომისიამ თავისი ფუნქცია დაკარგა და გადაიქცა ბიუროკრატიულ დანამატად ბრიუსელისთვის – ის ჩამოყალიბდა, როგორც ხელკეტი კონკრეტული ქვეყნის მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც თავისი პოლიტიკური შეხედულებები აქვს მარტა კოსს, კაია კალასს ან იუკნევიჩიანეს
ჩვენს მიმართაც საკმაოდ სერიოზული პრეტენზიები ჰქონდა იგივე ვენეციის კომისიას და როდესაც საკითხს ჩავუღრმავდით, დავინახეთ, რომ ვენეციის კომისია ჩამოყალიბდა, როგორც ხელკეტი კონკრეტული ქვეყნის მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც თავისი პოლიტიკური შეხედულებები აქვს მარტა კოსს, კაია კალასს ან იუკნევიჩიანეს. მათი მსახური გახდა, კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მქონე ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, თავის დროზე, საკმაოდ კარგი ინსტიტუტი, რომელიც პროფესიონალურ რჩევებს აძლევდა განვითარებად ქვეყნებს, ახალ დემოკრატიებს და ა.შ., – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, 66 საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, ვენეციის კომისია დატოვოს, აშშ-ის პრაგმატულ ხედვებს გამოხატავს, ვინაიდან, ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან საკმაო თანხა იხარჯება ამ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.
მისივე თქმით, საქართველოსთან დამოკიდებულებითაც კარგად ჩანს, რომ ვენეციის კომისია ბრიუსელის ბიუროკრატიის დანამატად გადაიქცა, ვინაიდან, მათ დასკვნებში არის არა ანალიზი, არამედ, პოლიტიკური შეფასებები, რომელიც “პოლიტიკურ ხელკეტად” გამოიყენება.
“საქართველოსთან მიმართებით, ეს არის აბსოლუტურად მიკერძოებული ორგანიზაცია. რასაკვირველია, ჩვენ ერთი და იმავე მიზეზით არ გამოვხატავთ პრეტენზიას ამ ორგანიზაციის მიმართ, მაგრამ ფაქტია, რომ ვენეციის კომისიამ თავისი ფუნქცია დაკარგა და გადაიქცა ბიუროკრატიულ დანამატად ბრიუსელის ბიუროკრატიისთვის.
როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ვენეციის კომისია რაღაც პოლიტიკურ სტრუქტურად გადაიქცა, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიას ეხმარება ან მისი დანამატია, იმისთვის, რათა პოლიტიკური შეტევა განახორციელოს, ამ შემთხვევაში, საქართველოს მიმართ, ვგულისხმობთ, რა შენიშვნებიც მივიღებთ სხვადასხვა კანონპროექტებთან და შემდეგ კანონებთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა გამჭვირვალობას ან ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის თემას ან სხვა საკითხებთან მიმართებაში. აბსოლუტურად წარმოუდგენელია მისი ასეთი ჩარევა ან დასკვნები იმ კანონთან, ან იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც პარტიების აკრძალვას გულისხმობს, ვინაიდან არც ერთხელ არ უთქვამთ არაფერი, არ გაუანალიზებიათ ვითარება, რომელიც შექმნა ამ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ [“ნაცმოძრაობამ”], როდესაც ის ხელისუფლებაში იყო. ის მასშტაბი ადამიანის წამების და ადამიანის უფლებების დარღვევისა არ ახსოვს ამ რეგიონს და თუნდაც, ავტორიტარული რეჟიმების მქონე ქვეყნებსაც კი. ამის ანალიზის გარეშე გამოხვიდე და შენი დასკვნა გააკეთო, რასაკვირველია, მიკერძოებაა. შეიძლება ანალიზი გააკეთო და თქვა, რომ დიახ, დარღვევები იყო და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეთანხმო, რომ წამებას ჰქონდა სისტემატური და სისტემატური ხასიათი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ მიზეზის გამო, არ შეიძლება პოლიტიკური პარტიების გაუქმებაზე ლაპარაკი. აქ არ არის ამაზე საუბარი, არანაირი ანალიზი – პირდაპირ “მოხტომა” პოლიტიკური ხელკეტით საქართველოსადმი და ყოველგვარი ანალიზის გარეშე პოლიტიკური განცხადებების კეთება. ეს არის ის ნიშანი, რომელიც ახასიათებს დღეს ვენეციის კომისიას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
გიორგი ვოლსკი: მოწამვლის თემა აქტუალური გახდა ერთი წლის შემდეგ, რაც “ბიბისიმ” გამოაქვეყნა რეალურ ვითარებასთან შეუსაბამო სიუჟეტი – ვხედავთ ერთადერთ არგუმენტს, რომ თუთიყუშს გასძვრა ბუმბული და ძაღლი პატრონს ვერ სცნობდა – ამას სარკაზმით არ ვამბობ, სხვა არგუმენტი ვერავინ წარმოადგინა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ ე.წ. “კამიტით მოწამვლის” შესახებ გავრცელებულ ვიდეორგოლს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას დღის წესრიგი ამოეწურა, შესაბამისად, ცდილობენ, ვენესუელაში, ნეპალში ან ირანში მიმდინარე პროცესებმა, სხვაგვარი აღქმა ჰპოვოს საზოგადოების იმ ნაწილში, “რომელიც აპროტესტებს რაღაცას, მაგრამ, გაუგებარია მათი პროტესტი, ვინაიდან, არც არჩევნები გაყალბებულა, არც საგარეო კურსი შეცვლილა და ეს ყველამ კარგად იცის”.
მისი განცხადებით, ერთი წლის შემდეგ, ე.წ. მოწამვლის არგუმენტებია, რომ თუთიყუშს ბუმბული დასცვივდა და ძაღლი ორი კვირის მანძილზე, პატრონს ვერ სცნობდა.
“მოწამვლის თემა, ერთი წლის შემდეგ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც “ბიბისიმ” გამოაქვეყნა რეალურ ვითარებასთან აბსოლუტურად შეუსაბამო სიუჟეტი, თითქოსდა ქართველ ოპოზიციონერ მედიკოსებზე დაყრდნობით. არც მათ უთქვამთ რამე ასეთი, არანაირი ანალიზი არ ჩატარებულა და ერთი წლის შემდეგ, ვხედავთ ერთადერთ არგუმენტს, რომ თუთიყუშს გასძვრა ბუმბული და მეორეა, რომ ძაღლი პატრონს ვერ სცნობდა ორი კვირის განმავლობაში. ამას სარკაზმით არ ვამბობ, სხვა ვერაფერი არგუმენტი, ვერავინ წარმოადგინა. გამოძიების მასალები, კომპეტენტურმა სტრუქტურამ მოამზადა, ვისაც აინტერესებს, შეუძლია ნახოს, გაეცნოს და მიხვდება, რომ სამწუხაროდ, არის აუცილებლობა, რომ გამოყენებული იქნა გარკვეული ნივთიერებები, რომლებიც დაშვებულია. სამწუხაროა, რომ ამ ნივთიერების გამოყენების წინაპირობა შეიქმნა.” – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.




