საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმ სანქციების გაუქმება სთხოვა, რომლებიც ვაშინგტონმა გასულ წელს არაერთ გავლენიან ევროპელს, მათ შორის ყოფილ ევროკომისარს, ტიერი ბრეტონს დაუწესა. მაკრონი ამტკიცებს, რომ ეს ზომები „უსამართლოდ იყო მიღებული“.
„მსურს პირადად მივაპყრო თქვენი ყურადღება იმ სანქციებს, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპის რამდენიმე მოქალაქეს, მათ შორის ორ ფრანგს – სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლა გიიუსა და ყოფილ ევროკომისარ ტიერი ბრეტონს დაუწესა. გთხოვთ, გადახედოთ თქვენი ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებებს და გააუქმოთ ნიკოლა გიიუსა და ტიერი ბრეტონისთვის უსამართლოდ დაწესებული სანქციები“, – წერს მაკრონი თავის ამერიკელ კოლეგას გასულ კვირას გაგზავნილ წერილში, რის შესახებაც გამოცემა La Tribune იტყობინება.
ბრეტონი და გიიუ ევროპის იმ მოქალაქეს შორის არიან, რომლებსაც თეთრმა სახლმა სანქციები დაუწესა. ვაშინგტონი ამ ევროპელ ლიდერებსა და ინსტიტუტებს აშშ-ის ინტერესების შელახვაში ადანაშაულებდა. სანქცირებულ პირებს ეკრძალებათ აშშ-ში შესვლა, ასევე ამერიკული ტექნოლოგიებითა და საგადახდო მომსახურებებით სარგებლობა.
გასულ წელს ბრეტონმა ევროკავშირს მოუწოდა, „უაღრესი სიმკაცრით“ უპასუხოს ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მისი და ოთხი სხვა ევროპელის დასანქცირების შესახებ.




