ძვირფას მინერალთა შემდეგი საბადო შეიძლება დედამიწასთან გაცილებით ახლოს იყოს, ვიდრე ასტეროიდთა სარტყელი მარსის ორბიტის გადაღმა.
ახალი კვლევის თანახმად, ამ ასტეროიდებში შემავალი მინერალები შეიძლება ჩვენამდეც მოდიოდეს და მიმოფანტული იყოს მთვარეზე, ათასობით დარტყმით კრატერში. იქ, დაახლოებით 6500-მდე კრატერში შეიძლება იყოს პლატინის ჯგუფის ძვირფასი ლითონები, როგორიცაა პლატინა, პალადიუმი და როდიუმი.ამას გარდა, კიდევ დაახლოებით 3400 კრატერი შეიძლება შეიცავდეს წყალს ჰიდრატირებული მინერალების სახით — გადამწყვეტი მოლეკულა იმისათვის, რათა ადამიანებმა ადგილზე შეისწავლონ ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი.
„ეს მნიშვნელობები თითქმის ორჯერ აღემატება პროგრამა Elvis (2014)-ის მიერ დედამიწასთან ახლომდებარე ოქროს შემცველ ასტეროიდთა შეფასებისას მიღებულ მნიშვნელობებს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ შეიძლება უფრო გამოსადეგი და შესაბამისად მომგებიანი იყოს მინერალთა მოპოვება მთვარეზე დაცემულ ასტეროიდებზე, ვიდრე ორბიტაზე მოძრავ ასტეროიდებზე“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც დამოუკიდებელი ასტრონომი ჯეიანთ ჩენამანგალემი ხელმძღვანელობდა.
კოსმოსში მოპოვებით სამუშაოებს რამდენიმე პოტენციური სარგებელი აქვს. ერთი ის, რომ დედამიწის რესურსები ამოწურვადია — ჩვენი პლანეტის ქერქში მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ხელმისაწვდომი ლითონია. მოპოვებითი საქმიანობა ხშირად დესტრუქციულია, აზიანებს მიწას და ჰაბიტატებს და ძლიერ აზიანებს გარემოს.
ამას გარდა, კოსმოსში მოპოვება სასარგებლოა კოსმოსური კვლევებისთვის; მაგალითად, მთვარეზე წყლის ხელმისაწვდომობა შეამსუბუქებს დედამიწიდან მთვარეზე წყლის ტრანსპორტირების ან ადგილზე გადამუშავების გამოწვევას.
მიჩნეულია, რომ მრავალი ასტეროიდი მდიდარია ძვირფასი ლითონებით, განსაკუთრებით კი პლატინის ჯგუფის ლითონებით; თვისებებიდან გამომდინარე, ისინი ძლიერ ძვირფასია სამრეწველო და სამედიცინო გამოყენებისთვის, მაგრამ საქმე ისაა, რომ იშვიათობას წარმოადგენენ. თუმცა, ასტეროიდებზე მოპოვებას მრავალი გამოწვევა აქვს, ასტრონომიული დანახარჯების მიღმაც კი. დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდები საკმაოდ იშვიათია. რთულია მათთან მიღწევა და სივრცეში ისე ირხევიან, რომ მათთან ნავიგაციაც რთულდება. ამის საპირისპიროდ, მთვარე დედამიწის ორბიტაზეა ჩამოკიდებული პროგნოზირებად მანძილზე და მისი ერთი მხარე მუდმივად ჩვენ გვიყურებს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთვარეზე ეს საქმიანობა ადვილი იქნება, მაგრამ უდავოდ იქნება გაცილებით მარტივი, ვიდრე ასტეროიდებზე.
ჩნდება ერთი დიდი კითხვა: არის თუ არა მთვარეზე პლატინის ჯგუფის ლითონები და ჩვენთვის ასე საჭირო წყალი? ამის გასარკვევად, ჩენამანგალემმა და მისმა კოლეგებმა მთვარეზე ასტეროიდების დაცემის შედეგად გაჩენილი კრატერები შეისწავლეს.
მეცნიერთა აზრით, ლითონური ტიპის გარკვეული ასტეროიდები ლითონებით მდიდარი უნდა იყოს, მათ შორის პლატინის ჯგუფით. ამავე დროს, კარბონატული ასტეროიდები მდიდარი უნდა იყოს ჰიდრატირებული მინერალებით.
როცა ასტეროიდი მთვარეს ეცემა, მისი რაღაც ნაწილი ორთქლდება, მაგრამ როგორც ახალი მტკიცებულებები მიუთითებს, გარკვეულ გარემო პირობებში, ასტეროიდის სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება გადარჩეს. განსაკუთრებით დიდ, კომპლექსურ კრატერებში, ნაშალი მასალა ცენტრშია თავმოყრილი, სადაც ის ცენტრალურ მწვერვალს ქმნის. მკვლევრებმა დათვალეს დიდი კრატერები, რომლებიც შეიძლება ამ ასტეროიდთა დაცემის შედეგად იყოს წარმოქმნილი. ასე მივიდნენ დასკვნამდე, რომ მთვარეზე შეძლება საკმაოდ ბევრი ძვირფასი ლითონი იმალებოდეს.
დაცემას შეიძლება დიდი ასტეროიდებიც კი ვერ გადაურჩნენ, განსაკუთრებით ჰიდრატირებული სხეულები, რომლებიც წყალს სითბოს გამო კარგავენ. მიუხედავად ამისა, სტატისტიკური შეფასება მაინც ათასობით კრატერამდე მივიდა. ერთ კილომეტრზე დიდი სიგანის 6500-მდე კრატერი უნდა შეიცავდეს პლატინის ჯგუფის ლითონებს, მაგრამ მადანი შესაძლოა მთვარის რეგოლითში წვრილად იყოს გაფანტული და მასზე წვდომა რთული იყოს. თუკი ძებნა დავიწროვდება მხოლოდ 19 კმ-ზე დიდ კრატერებამდე, რომლებსაც კარგად გამოკვეთილი ცენტრალური მწვერვალი აქვთ, სადაც მადანი უფრო მეტად უნდა იყოს კონცენტრირებული — რჩება მხოლოდ 38 ასეთი კრატერი.
ამასობაში, ერთ კილომეტრზე დიდ 3500 კრატერს შეიძლება ჰქონდეს წყალი, 19 კმ-ზე დიდი კი ასეთი ასტეროიდი 20 უნდა იყოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთვარე წარმოადგენს სტატისტიკურად უფრო მდიდარ ადგილს პლატინის ჯგუფის ლითონების მოსაპოვებლად, ვიდრე დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდები.
მომავალში, ასეტროიდებზე მოპოვება კაცობრიობამ შეიძლება მაინც დაიწყოს. თუმცა, ამ მიზნამდე მისაღწევად, მთვარე უფრო ხელმისაწვდომი და პრაქტიკული ტრამპლინია. შემდეგი ნაბიჯი იქნება იმის გარკვევა, ზუსტად რომელ კრატერებში იმალება განძი და როგორ მოვიპოვოთ ის.
მკვლევართა აზრით, ამის საუკეთესო ვარიანტია დისტანციური ზონდირება მთვარის ორბიტიდან და არა საკმაოდ ძვირად ღირებული აპარატების დასმა მთვარის ზედაპირზე.
კვლევა Planetary and Space Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.


