ფინეთი მოუწოდებს ამერიკელ ჩინოვნიკებს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას თავი შეიკავონ ნატოს მეხუთე მუხლის ხსენებისგან, რადგან ამ გარემოებამ, შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს კოლექტიური თავდაცვის შესაძლებლობას თავად ალიანსში. სტატიას ამ შინაარსით Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს 20 იანვარს წერილი გაუგზავნა, სადაც აღწერილია, რომ კიევსა და მოსკოვს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს გაკეთებული გარკვეული განცხადებები შეშფოთებას იწვევს.
როგორც Politico იუწყება, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა აღნიშნული საკითხი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრებთან, „რესპუბლიკელ“ ჯეკ ბერგმანთან და „დემოკრატ“ სარა ელფრეტთან განიხილა.
ვალტონენმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ რუსეთი გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს და უკრაინას უსაფრთხოების „სუსტი“ გარანტიები არ უნდა მისცენ. მან საკუთარი თავის დაცვა უნდა შეძლოს.
თუმცა, ამასთან ერთად, ფინეთის პირველი დიპლომატი ფიქრობს, რომ უკრაინისთვის ომის დასრულების შემდეგ ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტიების მიცემის შესახებ საუბარი საჭირო არ არის. მისი თქმით, ამ გარემოებამ, შესაძლოა, ნატოს მეხუთე მუხლის გარანტიები და უკრაინასთან ორმხრივი შეთანხმებები ერთმანეთში არიოს. ვალტონენის განცხადებით, საჭიროა „დაცვის ბარიერის“ აღმართვა ნატოსა და უკრაინის უსაფრთხოების მომავალ გარანტიებს შორის.




