ფრანგმა სამართალდამცველებმა პარიზის ლუვრის მუზეუმის ძარცვის საქმეზე კიდევ ხუთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ამრიგად, დაკავებულთა საერთო რიცხვი შვიდამდე გაიზარდა.
პარიზის პროკურორის ლორ ბეკუოს განცხადებით, 29 ოქტომბერს პარიზის ოლქში სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც ხუთი ბრალდებული დააკავეს.
მისი თქმით, ერთ-ერთი დაკავებული ძარცვაში უშუალოდ მონაწილეობდა. დანარჩენი ოთხი, შესაძლოა, ძარცვის შესახებ სხვა ინფორმაციას ფლობდეს.
მანამდე მედია ორი დაკავებულის შესახებ იუწყებოდა.
ცნობისთვის, ლუვრის მუზეუმი 19 ოქტომბერს გაძარცვეს. მძარცველებმა საფრანგეთის გვირგვინის რვა სამკაული მოიპარეს. მოპარულ სამკაულებს შორისაა ზურმუხტისა და ბრილიანტის ყელსაბამი, რომელიც იმპერატორმა ნაპოლეონ ბონაპარტმა მეუღლეს მარია-ლუიზას აჩუქა.


