საფრანგეთში სარკინიგზო მაგისტრალზე კაბელებს ცეცხლი გაუჩნდა, შედეგად, პარიზსა და მარსელს შორის მატარებლების მიმოსვლა დროებით შეწყდა. როგორც საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ფილიპ ტაბარომ განაცხადა, საქმე ეხება „ბოროტმოქმედებას“.
მისივე ცნობით, მომხდარის გამო პრობლემები შეექმნა 70 000 მგზავრს. შეფერხდა ასზე მეტი ჩქაროსნული მატარებლის გადაადგილება.
„დივერსიებთან და კაბელების ქურდობასთან ბრძოლა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“, – განაცხადა ტაბარომ.
როგორც საფრანგეთის სარკინიგზო კომპანია SNCF-ში განაცხადეს, ახლა აუცილებელია 25-მეტრიან მონაკვეთზე 16 კაბელის შეცვლა. ამ ეტაპზე კაბელების დაზიანებაზე პასუხისმგებელი პირები ჯერ არ დაუდგენიათ.
ცნობისთვის, საფრანგეთში სარკინიგზო მიმოსვლა ბოლო თვეებში პირველად არ ფერხდება. ივნისში კაბელების ქურდობის გამო რამდენიმე დღით შეფერხდა Eurostar-ის მატარებლის მოძრაობა.


