შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული 2025–2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი ტური გაიმართა, რომელშიც საქართველოს მასშტაბით ათიათასობით მოსწავლე მონაწილეობდა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ოლიმპიადის მიზანია მოსწავლეებში ცოდნისა და უნარების გამოვლენის ხელშეწყობა, მოტივაციის ამაღლება და კონკურენტული, მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.
„ოლიმპიადის მესამე ტურის მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი ქალაქ თბილისის №122 საჯარო სკოლაში გაეცნო.
თამარ მემანიშვილის განცხადებით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა განსაკუთრებული მნიშვნელობის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას წარმოაჩინონ საკუთარი ცოდნა, შემოქმედებითი, ანალიტიკური უნარები და კონკურენტულ გარემოში შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა 4 დღის განმავლობაში სხვადასხვა საგანში, ცენტრის მიერ შემუშავებული განრიგის შესაბამისად მიმდინარეობდა.
ოლიმპიადის პირველ ტურში რეგისტრირებული იყო 25 911 მოსწავლე, რომელთაგან ტესტირებაში მონაწილეობა 19 641-მა მოსწავლემ მიიღო. პირველი ტურის შედეგების საფუძველზე მეორე ტურში 7 828 მოსწავლე გადავიდა, ხოლო მეორე ტურში მონაწილეობა 4 146-მა მოსწავლემ მიიღო. ოლიმპიადის მესამე, დასკვნით ტურში 625 მოსწავლე გადავიდა.
ოლიმპიადის გამარჯვებულად მიიჩნევა ის მოსწავლე, რომელიც შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს დააგროვებს და შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის მოხვდება.
შედეგების საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებულები, დიპლომებით, სიგელებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. ასევე, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, გახდნენ საქართველოს ნაკრები გუნდების წევრები და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ოლიმპიადებში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის ყოველწლიურად 3 ეტაპად ტარდება.
ოლიმპიადის შედეგებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვებგვერდზე გამოაქვეყნებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.




