საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა დავითულიანმა 12 ნოემბერს თბილისის 49-ე საჯარო სკოლის შენობაზე აკაკი ჩხენკელის აბრა გახსნეს. თბილისის 49-ე საჯარო სკოლას აკაკი ჩხენკელის სახელი 2025 წლის აგვისტოში მიენიჭა.
გიორგი ზურაბაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქვეყნის წინაშე აკაკი ჩხენკელის დამსახურებების შესახებ ისაუბრა. ხაზი გაუსვა მის როლს თანამედროვე ქართული დიპლომატიის ჩამოყალიბებაში.
აკაკი ჩხენკელი მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსი, დიპლომატი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ. მის სახელს უკავშირდება პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ფორმირება.
მას ეკავა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა და ასევე გახლდათ საქართველოს ელჩი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


