რუსთავის საკრებულოში გარემოს დაცვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

რუსთავის საკრებულოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით მიღწეული შედეგებისა და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. ინფორმაციას რუსთავის საკრებულო ავრცელებს.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილმა ეკოლოგიური კუთხით ქალაქში არსებული გამოწვევები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსთან ერთად განიხილა.

„რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ბოლო წლებში გაწეული სამუშაოს შედეგები სახეზე გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საბოლოო მიზანი უკვე მიღწეულია. ჩვენი მიზანია რუსთავის ეკოლოგიაზე ზრუნვა და არა საწარმოების დაჯარიმება. რუსთავის საკრებულო, მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ერთობლივ ღონისძიებებს არსებული გამოწვევების დაძლევამდე აქტიურად გავაგრძელებთ,“ – განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილმა.

საკრებულოს დეპუტატებთან ერთად შეხვედრას რუსთავის ვიცე-მერი კახა გურულიც და მუნიციპალური ინსპექციის უფროსი ევტიხ ხაჩიძეც ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბოლო წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად რუსთავის ჰაერის ხარისხი გაუმჯობესებულია. ატმოსფერული ჰაერის მართვის გეგმით გათვალისწინებულ პროექტებს ახორციელებს რუსთავის მერია. ქალაქში შექმნილია ახალი რეკრეაციული სივრცეები და საგზაო ინფრასტრუქტურა, განხორციელებულია ენერგოეფექტური პროექტები და რუსთავს ეკოლოგიურად სუფთა მუნიციპალური ტრანსპორტი ემსახურება. დაწყებულია ჭალის ტყის აღდგენა. პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება როგორც სამრეწველო ემისიების, ასევე ჰაერში მტვრის ნაწილაკების წარმოქმნის კუთხითაც.

რუსთავის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე იმ პრობლემებზეც იმსჯელეს, რომლებიც პოზიტიური დინამიკის მიუხედავად ქალაქისთვის ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება და ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები დასახეს.

უახლესი

მსგავსი სტატიები