ვარსკვლავთშორისი კომეტა 3I/ATLAS დედამიწისა და ჩვენი ვარსკვლავური სისტემის სხვა პლანეტებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამერიკის კოსმოსური სააგენტოს (NASA) სამეცნიერო მისიების დირექტორატის ადმინისტრატორის მოადგილემ, ნიკი ფოქსმა ობიექტისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე დაადასტურა, რომ შეჯახება არ მოხდება.
„არა, ეს არ მოხდება… ჩვენს მზის სისტემაში არსებულ ობიექტებს არაფერი დაემუქრებათ“, – აღნიშნა ფოქსმა კომეტის მხრიდან პოტენციური საფრთხის შესახებ დასმული კითხვის პასუხად. მისივე თქმით, კომეტა დედამიწიდან უსაფრთხო მანძილზე იმყოფება.
NASA-ს ადმინისტრატორის კიდევ ერთმა მოადგილემ, ამიტ კშატრიამ, ოფიციალურად დაადასტურა, რომ 3I/ATLAS ბუნებრივი წარმოშობის კომეტაა, რითაც უარყო გავრცელებული ხმები მისი ხელოვნური ბუნების შესახებ. ნოემბრის დასაწყისში ეს ვარსკვლავთშორისი ობიექტი დედამიწიდან ხილვადობის ზონაში იმყოფებოდა, რამაც გამოიწვია ვარაუდების ტალღა, რომ ის შესაძლოა უცხოპლანეტელთა ხომალდი ყოფილიყო.
3I/ATLAS მესამე იდენტიფიცირებული ობიექტია, რომელიც მზის სისტემაში გალაქტიკის სხვა ნაწილიდან შემოვიდა და ის, შესაძლოა, ჩვენსაზე ბევრად უფრო ძველი ვარსკვლავური სისტემიდან იყოს მოსული.


