ტრევის სკოტი მოულოდნელად კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის, „ოდისეას“ ახალ თრეილერში გამოჩნდა.
ვიდეორგოლში რეპერი მაგიდაზე დგას და ჯარისკაცების ჯგუფს მიმართავს, რომელთა შორის არიან ტომ ჰოლანდის პერსონაჟი – ტელემაქე და ჯონ ბერნტალის მიერ განსახიერებული მენელაე.
„ომი, ადამიანი, მზაკვრობა – მზაკვრობა, რომელსაც ტროას კედლების დანგრევა შეუძლია. ის იწვის და გრგვინვით ფერფლად იქცევა“, – ამბობს სკოტის პერსონაჟი.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა როლს ასრულებს სკოტი ნოლანის მომავალ სურათში. „ოდისეა“ რეპერისა და ოსკაროსანი რეჟისორის პირველი თანამშრომლობა არ არის. 2020 წელს სკოტმა ჩაწერა საუნდტრეკი The Plan ნოლანის ფილმისთვის „პრინციპი“.
„ოდისეა“ კინემატოგრაფის ისტორიაში პირველი ფილმია, რომელიც სრულად IMAX კამერებით არის გადაღებული. ფილმის პრემიერა 2026 წლის 17 ივლისს შედგება.




