დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის თანამდებობაზე ყოფნის დღეები დათვლილია. ინფორმაციას The Guardian-ი სტარმერის თანაპარტიელებზე, პარლამენტის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სტარმერის გადადგომის მიზეზი, შესაძლოა, გახდეს აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის პიტერ მანდელსონის გარშემო აგორებული სკანდალი. რამდენიმე დღის წინ ჯეფრი ეპშტეინის მორიგი ფაილები გავრცელდა. აღმოჩნდა, რომ მანდელსონს ეპშტეინთან კავშირები ჰქონდა. სტარმერის მთავრობამ ეს იცოდა, მაგრამ ამის მიუხედავად ის მაინც დანიშნეს ელჩად.
ერთ-ერთმა ყოფილმა მინისტრმა გამოცემას განუცხადა: „ჩვენ მრავალი ცუდი დღე გადაგვიტანია, მაგრამ დღევანდელი დღე არის ყველაზე საშინელი“. პარლამენტის ერთ-ერთმა დეპუტატმა კი თქვა: „ნდობა შეზღუდულია. პირადად მე დარწმუნებული არ ვარ, რომ პრემიერ-მინისტრს კენჭისყრის დროს ნდობას გამოვუცხადებ“.
ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატების განცხადებით, საპარლამენტო მოსმენის დროს სტარმერმა აღიარა, რომ მანდელსონის ელჩად დანიშვნამდე მან ეპშტეინთან კავშირების შესახებ იცოდა.
„იგრძნობოდა, თუ როგორ შეიცვალა ვითარება; უცებ მოიღუშა“, – თქვა სტარმერთან დაახლოებულმა დეპუტატმა. მოგვიანებით პრემიერის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სტარმერმა მანდელსონისა და ეპშტეინის კავშირების შესახებ იცოდა მხოლოდ ის, რაც საჯაროდ იყო გაცხადებული.
„ეს უბრალოდ შეუძლებელია“, – განაცხადა ერთ-ერთმა დეპუტატმა. „მათ პიტერისა და ეპშტეინის კავშირების შესახებ იცოდნენ, მაგრამ მაინც დაასაქმეს იგი“.




