ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აბუ დაბიში შეხვედრებზე უკრაინული დელეგაციისგან ხვალ ანგარიშს მოისმენს – „ვემზადებით შემდეგი შეხვედრებისთვის, ხვალვე ვისაუბრებთ ევროპელ პარტნიორებთან“

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დელეგაციისგან დაწვრილებით ანგარიშს ელოდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართული შეხვედრების შესახებ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დელეგაცია უკრაინაში დღეს დაბრუნდა, ხოლო ხვალ ანგარიშს წარადგენენ „აბუ დაბის მოლაპარაკებების იმ მგრძნობიარე ასპექტებზე, რომლებზეც ტელეფონით საუბარი არ შეიძლება“.

„ვემზადებით შემდეგი, სამმხრივი შეხვედრებისთვის. ხვალვე ვისაუბრებთ ევროპელ პარტნიორებთან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ცალკეულ რეგიონებში საჰაერო ძალებში კადრების ცვლილებების შესახებ განაცხადა.

„საჰაერო ძალებში კადრების ცვლილებები იქნება, ჯერჯერობით ზოგიერთ რეგიონში, ქვედანაყოფებში, რომლებიც რუსული „შაჰედებისგან“ დაცვას ეხება. უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლამ გაცილებით ძლიერად უნდა იმუშაოს და არ დაუშვას ის პრობლემები, რაც ახლა არსებობს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უახლესი

მსგავსი სტატიები