ესპანეთში ცელნამგალა ვეშაპების ჯგუფმა საკუთარი ენა გამოიგონა

ცელნამგალა ვეშაპების ჯგუფმა, რომელიც ესპანეთის სანაპიროსთან გემებს ესხმის თავს, საკუთარი უნიკალური ენა შეიმუშავა. მეცნიერებმა ვიდეოზე გადაიღეს, თუ როგორ ურთიერთობს ხროვის წინამძღოლი თავის თანამოძმეებთან ამ ენის საშუალებით.

ხროვის ლიდერი, რომელსაც თეთრი გლედისი დაარქვეს, 2020 წლიდან მოყოლებული, სხვა ვეშაპებთან ერთად, გიბრალტარის სრუტეში გემებს ეჯახება. მეცნიერები მთელი ამ დროის განმავლობაში ცდილობენ გაიგონ, რატომ ესხმიან თავს ცხოველები მეზღვაურთა ხომალდებს.

ცოტა ხნის წინ მკვლევრებმა ვეშაპებს შორის არაჩვეულებრივი აქტივობა შენიშნეს. თეთრ გლედისსა და მის მიმდევრებს შორის დაფიქსირდა უნიკალური ბგერები, რაც ამტკიცებს, რომ ისინი ერთმანეთთან ურთიერთობენ.

მეცნიერებმა მკვლელი ვეშაპების „საუბარში“ 4 განსხვავებული ბგერა გამოყვეს, რომლებიც მანამდე დაფიქსირებულ არცერთ ხმას არ ჰგავს. ესპანური ორგანიზაცია CIRCE-ს პრეზიდენტმა, დოქტორ რენო დე სტეფანისმა განაცხადა, რომ აქამდე ეს ცხოველები ძალიან ჩუმ არსებებად მიიჩნეოდნენ.

„მაგრამ ახლა ჩვენ გავიგეთ, რომ მათი ყიჟინა სრულიად განსხვავდება ნებისმიერი სხვა ბგერისგან. კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების თვალსაზრისით, ეს უბრალოდ განსაცვიფრებელია. ეს იგივეა, შუაგულ ევროპაში მოულოდნელად ახალი ენა აღმოაჩინო“, – დასძინა მან.

უახლესი

მსგავსი სტატიები