ბანგკოკში, 23 წლის ბრიტანელი ჯორჯ უილსონი დააკავეს, რომელსაც ჩანთაში 9 კგ-ზე მეტი მეტამფეტამინი ჰქონდა. Telegraph-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სურეის ელიტური სკოლის კურსდამთავრებული და ბრიტანეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის წევრია.
ტაილანდის პოლიცია ვარაუდობს, რომ ის ნარკოტიკებით ვაჭრობის საერთაშორისო ქსელის წევრია.
მედიის ინფორმაციით, უილსონი მდიდარი ინგლისური ოჯახიდანაა, რომელსაც მუსიკალურ ინდუსტრიასთან აქვს კავშირები.
“გასაოცარია, რომ ასეთი მდიდარი ოჯახის წარმომადგენელი ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა – ჯორჯის დაპატიმრების შესახებ ინფორმაციის დაჯერება ყველას უჭირდა“, – განუცხადა ოჯახის მეგობარმა ბრიტანულ მედიას.
გამომძიებლების თქმით, მეტამფეტამინი მიანმარის ლაბორატორიებში დამზადდა – ქვეყანაში, რომელიც სამოქალაქო ომშია გახვეული.
ახალგაზრდა ბრიტანელი აცხადებს, რომ “არ იცოდა, რა გადაჰქონდა“.
ცნობისთვის, ტაილანდში ნარკოტიკების კონტრაბანდასთან დაკავშირებული დანაშაულები სიკვდილით დასჯას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.


