ახალციხეში კალათბურთის პროფესიონალური გუნდი და ბავშვთა საკალათბურთო აკადემია შეიქმნა

ქალაქ ახალციხეში პროფესიონალური კალათბურთის გუნდი „ახალციხე“ და ბავშვთა საკალათბურთო აკადემია შეიქმნა. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.

ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა კალათბურთის გუნდისა და ბავშვთა საკალათბურთო აკადემიის შექმნის მიზნებზე ისაუბრა და გუნდი „ახალციხის“ კალათბურთელები წარადგინა.

„დღეს ჩვენს ქალაქში, ჩვენს მუნიციპალიტეტში ისტორიის ახალი ფურცლის დაწერა იწყება. ძალიან დიდი ხნის ნატვრა ახდა და ახალციხეს ჰყავს კალათბურთის პროფესიონალური გუნდი „ახალციხე“, ასევე დღეიდან ვხსნით ბავშვთა საკალათბურთო აკადემიას. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქალაქში გაიზრდებიან პროფესიონალი სპორტსმენები და მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმატებით იასპარეზებენ“, – განაცხადა ვარლამ წიკლაურმა.

ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მიზანია ახალციხის მუნიციპალიტეტში კალათბურთის სპორტის სისტემური განვითარება, ბავშვთა და მოზარდთა შორის სპორტული აქტივობების ხელშეწყობა და აღნიშნულ სპორტში ახალი თაობის ჩართულობის ზრდა.

ახლად შექმნილ გუნდს და ბავშვთა საკალათბურთო აკადემიას წარმატებები უსურვეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა, სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან მგალობლიშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილმა, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ და „სუპერლიგის“ ხელმძღვანელმა კობა კობიაშვილმა.

საკალათბურთო გუნდი და ბავშვთა აკადემია ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ დალოცა და წარმატებები უსურვა.

პრეზენტაციას ქალაქის საზოგადოების, მხარის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, მეზობელი მუნიციპალიტეტების, სპორტის სფეროსა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროფესიონალური საკალათბურთო გუნდი „ახალციხე“ ა-ლიგაში იასპარეზებს. იგი ახალციხის მუნიციპალიტეტის სახელით მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა ჩემპიონატში, ხოლო ბავშვთა საკალათბურთო აკადემიაში სწავლას მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან კალათბურთით დაინტერესებული მოზარდები შეძლებენ.

კალათბურთის აკადემია მსურველების მიღებას იანვრიდან დაიწყებს და სწავლა უფასო იქნება.

უახლესი

მსგავსი სტატიები