მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეს, ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს – 49 წლის ალექსანდრ დიმიტროვი. მან პოსტზე ილიან ილიევი ჩაანაცვლა. ახალი მწვრთნელის კონტრაქტი ორწლიანია.
ალექსანდრ დიმიტროვმა, ხაზი გაუსვა მის მთავარ მიზანს: შექმნას ერთსულოვანი გუნდი, რომელიც ნაკრების წარუმატებლობას დაასრულებს.
„ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელობა ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ვიცით, რომ ფეხბურთი სოციალური ფენომენია, რომელიც ბულგარეთში ყველას ეხება. ამიერიდან, ჩემი და ჩემი პერსონალის მიზანი იქნება შეკრული გუნდის შექმნა, სადაც კარგი ურთიერთობები იქნება.
მნიშვნელოვანია, რომ მოედანზე გასული ყველა ფეხბურთელი იყოს მოგების სურვილით, დადებითი ემოციებითა და თავდაჯერებულობით, ისევე როგორც ეს ჩემი ხელმძღვანელობით ახალგაზრდულ ნაკრებში ხდებოდა“, – განაცხადა ბულგარელების ახალმა მწვრთნელმა.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი 7 სექტემბერს 3:0 დაამარცხა. მეორე შეხვედრა სოფიაში 18 ნოემბერს გაიმართება.


