მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტყის მართვის ათწლიანი გეგმის შემუშავებისთვის, სახელმწიფო ტყეში ინვენტარიზაციის სამუშაოები, ჯამში, 40 900 ჰა ფართობზე მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საველე სამუშაოებში ახალგაზრდა მეტყვე-ტაქსატორებიც არიან ჩართულები, რომლებიც, სპეციალური კურსის გავლის შემდეგ, ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდნენ.
„დღეის მდგომარეობით, ჩვენ სრულად გვაქვს განახლებული მონაცემები ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიის 50%-თვის. 2025 წელს, ინვენტარიზაციის სამუშაოები გურიაში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში, ჯამში, 127 ათას ჰა ფართობზე განხორციელდება, რათა სწორად და ეფექტიანად დავგეგმოთ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები მომავალი ათი წლისთვის“, – ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.
„ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, ტყის მართვის გეგმის პროექტი შემუშავდება, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა სატყეო-სამეურნეო ღონისძიება, მათ შორის, სანიტარიული ჭრები, ტყის აღდგენის ღონისძიებები, სატყეო გზების მოწყობა თუ სხვა.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მიმდინარე პროექტი ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში – „ტყის მდგრადი მართვა სააგენტოს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე – 8 სამიზნე სატყეო უბანში“ ხორციელდება. თიანეთის სატყეო უბანი წარმოადგენს GCF-ის პროექტის სამიზნე ტერიტორიას. პროექტის ჯამური ღირებულება 654 000 ლარია“, – ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.


