საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ახალგაზრდებს შორის ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონს, თორნიკე გიგაურს, შეხვდა. მინისტრმა სპორტსმენს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა.
თორნიკე გიგაურმა (-66 კგ) ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დროშით მოასპარეზე ძიუდოისტს, აბდულახ პარჩიევს, სძლია და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
შეხვედრას სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ნოზაძე, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე და თორნიკე გიგაურის პირადი მწვრთნელი ლევან კოშაძე ესწრებოდნენ.
ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.




