Bloomberg: აშშ-ირანის ომის დაწყების შემთხვევაში, თეირანი ჰორმუზის სრუტეს ჩაკეტავს, რამაც, შესაძლოა მსოფლიო ეკონომიკის პარალიზება გამოიწვიოს

სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ირანი აცხადებს, რომ საკუთარ თავს დაიცავს „ისე, როგორც არასდროს“, თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ქვეყანას თავს დაესხმება და ბირთვული შეთანხმება არ შედგება.

სააგენტოს ცნობით, ირანის ერთ-ერთი პასუხი, შესაძლოა, იყოს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა. სპარსეთის ყურის დასაწყისში მდებარე ზღვის ვიწრო გასასვლელით მსოფლიოში ნავთობის ტვირთების დაახლოებით მეოთხედის გადაზიდვა ხდება.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტის წყალობით ტანკერებს ნავთობი გადააქვთ ახლო აღმოსავლეთიდან ჩინეთში, ევროპასა და აშშ-ში, აგრეთვე სხვა ქვეყნებში. სრუტის ჩაკეტვამ, შესაძლოა, ნავთობის ფასის მკვეთრი მატება გამოიწვიოს და მსოფლიო ეკონომიკა დააზარალოს.

როგორც სააგენტო წერს, აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობა კვლავ მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებმა ბირთვული მოლაპარაკებები განაახლეს. აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო რესურსები გაზარდა, ხოლო ირანმა ჰორმუზის სრუტეში სამხედრო-საზღვაო წვრთნები ჩაატარა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტე ნავთობით მსოფლიო ვაჭრობისთვის არის უმნიშვნელოვანესი მარშრუტი. სპარსეთის ყურის ქვეყნების უმეტესობას ჰორმუზის სრუტის გარდა ზღვაზე გასასვლელი სხვა გზა არ აქვთ. 2025 წელს ჰორმუზის სრუტის მეშვეობით ტანკერებს დღეში 16,7 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი და კონდენსატი გადაჰქონდათ.

საუდის არაბეთს, ერაყს, ქუვეითს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ირანს ნავთობი ჰორმუზის სრუტის გავლით გააქვთ. ტვირთის უმეტესობა აზიაში მიედინება. აღნიშნულ საზღვაო გზას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თხევადი ბუნებრივი აირის ბაზრისთვისაც. გასულ წელს ამ არხის მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით გადაზიდული ბუნებრივი აირის მეხუთედმა გაიარა.

გაეროს საზღვაო სამართლის შესახებ კონვენციის თანახმად, ქვეყნები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ უსაფრთხო საზღვაო მიმოსვლა, გაატარონ ტრანზიტული გემები სრუტეებში, რომლებსაც საერთაშორისო ნაოსნობისთვის იყენებენ. როგორც Bloomberg-ი იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ ირანი 1982 წელს კონვენციას შეუერთდა, ქვეყნის პარლამენტს დოკუმენტის რატიფიცირება დღემდე არ მოუხდენია.

უახლესი

მსგავსი სტატიები