— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

მწვანე კლიმატის ფონდმა 250 მილიონი დოლარის დაფინანსება დაამტკიცა ADB-ის მყინვარების დნობისადმი ადაპტაციის პროგრამისთვის ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ კავკასიასა და პაკისტანში

მწვანე კლიმატის ფონდმა 250 მილიონი დოლარის დაფინანსება დაამტკიცა ADB-ის მყინვარების დნობისადმი ადაპტაციის პროგრამისთვის…

მწვანე კლიმატის ფონდმა (GCF) 250 მილიონი აშშ დოლარის ($) დაფინანსება დაამტკიცა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ადაპტაციის წამყვანი პროგრამისთვის, „მყინვარებიდან ფერმებამდე“, რომლის მიზანია წყლისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი სისტემების შექმნა ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და პაკისტანის მყინვარებზე დამოკიდებულ რეგიონებში მცხოვრები მოწყვლადი თემებისთვის. ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, GCF-ის დაფინანსება უმეტესად გრანტის ფორმით გამოიყოფა და პროგრამაში მონაწილე ქვეყნებზე მომდევნო ათი წლის განმავლობაში გაიცემა, ADB-ს $3.25 მილიარდიან ინვესტიციასთან ერთად. აზიის განვითარების ბანკის განცხადებით, წყალმომარაგებისა და სარწყავი სისტემების გაუმჯობესება, წყალსაცავების განვითარება და აუზების მართვა ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდას მაშინაც კი, როცა მყინვარების აჩქარებული დნობა გახშირებულ გვალვებს ან წყალდიდობებს გამოიწვევს.

„მყინვარების სწრაფი დნობა განვითარების ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენ გვჭირდება პრაქტიკული, მოცულობითი და მეცნიერულად დასაბუთებული გადაწყვეტილებები, რათა დავეხმაროთ თემებს ადაპტაციაში. GCF-ის გადამწყვეტი მხარდაჭერით, პროგრამა „მყინვარებიდან ფერმებამდე“ ხელს შეუწყობს რეგიონს ფრაგმენტული პროექტებიდან სისტემურ, გრძელვადიან მედეგობაზე გადავიდეს, რაც დაიცავს სიცოცხლეს და საარსებო წყაროებს დღეს და მომავალ თაობებში“, – განაცხადა ADB-ს სოფლის მეურნეობის, სურსათის, ბუნებისა და სოფლის განვითარების დირექტორმა, იასმინ სიდიკიმ.

პროგრამა „მყინვარებიდან ფერმებამდე” მოიცავს ADB-ს ცხრა განვითარებად წევრ ქვეყანას — სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთს, ყირგიზეთის რესპუბლიკას, პაკისტანს, ტაჯიკეთს, თურქმენეთსა და უზბეკეთს — ქვეყნებს, რომლებიც მყინვარებისა და თოვლით ნაკვები მდინარეებისგან მიღებულ წყლის რესურსებზე არიან დამოკიდებული სოფლის მეურნეობისთვის, სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის. მყინვარების აჩქარებული დნობა საფრთხეს უქმნის ამ ეკოსისტემურ სერვისებს და საარსებო წყაროებს, რაც სერიოზული გამოწვევაა იმ ქვეყნებისთვის, სადაც დასაქმებულთა დაახლოებით ერთი მეოთხედი სოფლის მეურნეობაშია ჩართული.

პროგრამა მოიცავს მყინვარებით ნაკვებ ოთხ აუზს — ნარინისა და ფანჯის აუზებს ცენტრალურ აზიაში, მტკვრის აუზს სამხრეთ კავკასიაში და სვატის აუზს პაკისტანში, რაც, ჯამში, დაახლოებით 27 მილიონ ჰექტარს ფარავს.

ამ პროგრამით უშუალოდ ისარგებლებს დაახლოებით 13 მილიონი ადამიანი, მათ შორის ფერმერები და მთიან რეგიონებში მცხოვრები მოწყვლადი მოსახლეობა. ის მხარს დაუჭერს კლიმატისა და მყინვარების შეფასებას, რაც მთავრობებს ეროვნული განვითარებისა და საინვესტიციო გეგმების განსაზღვრაში დაეხმარება. პროგრამა ასევე გააძლიერებს მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემებს, რათა თემებმა უკეთ მართონ ისეთი საფრთხეების გავლენა, როგორებიცაა მყინვარული ტბების ამოფრქვევით გამოწვეული წყალდიდობები და ხანგრძლივი გვალვები.

სოფლის მეურნეობის სისტემების გარდა, „მყინვარებიდან ფერმებამდე“ მხარს დაუჭერს ადაპტაციური სოციალური დაცვის სქემებსა და ჯანდაცვის სერვისებს წყლის დეფიციტისა და გადაჭარბებული სიცხისგან დაზარალებულ მოწყვლად თემებში. პროგრამა გააძლიერებს ადგილობრივი ბანკების შესაძლებლობებს, მხარი დაუჭირონ აგრობიზნესებს, განსაკუთრებით, ქალების მიერ მართულ საწარმოებს.

„„მყინვარებიდან ფერმებამდე“ ფართომასშტაბიანი, ინოვაციური და კოლაბორაციული ინიციატივაა, რომელიც დაეხმარება ცენტრალური და დასავლეთ აზიის ქვეყნებს გააძლიერონ ადაპტაციის მართვა და თანამშრომლობა მყინვარული წყლის სისტემებზე კლიმატის ზემოქმედების მართვის მიზნით. ეს პროგრამა ზრდის სტანდარტს მონაცემთა, კოორდინაციისა და ფინანსური მზაობის გაუმჯობესებით გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფად რეგიონის წყლისა და სურსათის სისტემებში“, – აღნიშნა GCF-ის აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონული დეპარტამენტის დირექტორმა, თომას ერიქსონმა.

GCF-მა, მსოფლიოში უდიდესმა კლიმატის ფონდმა, აღნიშნული შეღავათიანი დაფინანსება პროგრამისთვის „მყინვარებიდან ფერმებამდე“ 29 ოქტომბერს 43-ე საბჭოს სხდომაზე დაამტკიცა. 2024 წელს GCF-ის მიერ დაფინანსებულმა მყინვარული რისკების შეფასებების სერიამ სამეცნიერო და ტექნიკური საფუძველი დაუდო პროგრამას.